საქართველომ საერთაშორისო ტურნირი მოიგო!

0
25

თბილისის საკალათბურთო საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 84:79 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს გოგა ბითაძემ და თად მაკფადენმა ულიდერეს. გოგამ 21 ქულა, 6 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო მაკფადენმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის 4 სამქულიანი პირველ ტაიმში, შედეგად, თადმა 19 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. შედეგიანი თამაში ჰქონდა ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასაც – 14 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. სანდრო მამუკელაშვილი 10 ქულით და 8 მოხსნით გამოირჩა, დუდა სანაძეს 10, გიორგი შერმადინს კი 7 ქულა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრაში ხვალ 14 აგვისტოს ირანს დაუპირისპირდება, აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დახურული იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კი ილიას ზუროსის გუნდი 22 აგვისტოს ავსტრალიას კუნძულ ოკინავაზე შეხვდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში კი, ილიას ზუროსის გუნდი კაბო ვერდეს (26 აგვისტო), სლოვენიისა (28 აგვისტო) და ვენესუელას ნაკრებებს (30 აგვისტოს) დაუპირისპირდება.

საქართველო – მონტენეგრო 84:79 (26:16, 19:23, 13:21, 26:19)
საქართველო: ანდრონიკაშვილი (3), მაკფადენი (19), სანაძე (10), შენგელია (14), ბითაძე (21),
მამუკელაშვილი (10), შერმადინი (7), ცინცაძე, ლიკლიკაძე, ჯინჭარაძე, ტურძილაძე, ბერიშვილი, გოგიჩაიშვილი.