„ტორპედომ“ „საბურთალოს“ თამაში შემოუტრიალა

0
75

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური მიხეი მესხის სახელობის სათადარიგო არენაზე თბილისის „საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირებით დასრულდა.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილები ქებას იმსახურებენ, ვინაიდან მატჩის მსვლელობის დროს მარცხდებონენ, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქუთაისელებს წარმატებაში ხელი „საბურთალოს“ მცველებმა „შეუწყვეს“, რომლებმაც არაერთი შეცდომა დაუშვეს.
შეხვედრის დაწყებიდან ცოტა ხანში, მეკარე ლაზრე კუპატაძემ თავის საჯარიმოდან ცუდ პასი გააკეთა და ბურთი ირაკლი ბუღრიძეს ჩააბარა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა. არადა, რომ არ ეჩქარა, შესაძლოა ანგარიშიც გაეხსნა.
ტაიმის შუაწელში გიორგი ჭინჯოლავამ ცუდად დაუბრუნა ბურთი კუპატაძეს და ბრაზილიელი კეიკე პირისპირ შეატოვა, რომელსაც საბურთალოელთა მეკარემ არ გაატანინა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთშსი კეიკემ კარგი პასით მასპინძლების საჯარიმოში ბუღრიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და კუპატაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. ამას პარაგველი კაბალიეროს სახიფათო დარტყმა მოჰყვა და კუპატაძემ ისევ იყოჩაღა.
32-ე წუთზე, ანრი ჭიჭინაძე პასს მეკარე ოთო გოშაძეს აძლევდა, მაგრამ შეცდა და მლელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ მეკარეს გვერდი აუარა, რის შემდეგ ანგარიში გახსნა – 1:0.
57-ე წუთზე ბუღრიძე ცრუ ნოძრაობით „საბურთალოს“ საჯარიმოში გიორგი ჯგერენაიას გაცდა, რომელიც მეტოქეს ეუხეშა და წააქცია. თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ბუღრიძე სიმულაციისთვის გააფრთხილა, მაგრამ ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა, რის პერე პენალტი დანიშნა. კაბალიერომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1.
ანგარიშის გათანაბრებიდან ორ წუთში თამაშში „ტორპედოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი არაბიძე ჩაერთო.
63-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული ომრან ჰაიდარი პასს კაბალიეროს უკეთებდა და ჯგერენაიამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:2.
71-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და გოშაძემ ბურთი ახალო კუთხიდან „გამოაძრო“. ამ მომენტიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „საბურთალომ“ კუთხური ჩააწოდა და ქარდავას თავურის მერე, მერაბ გიგაურმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
მატჩის მიწურულს შეტევაში ჩართულმა გია ჩადუნელმა მარჯვნიდან პასი საჯარიმოში ირაკლი კომახიძეს გაუკეთა, რომელმაც ხეირინად ვერ დაარტყა და გოშაძემ ბურთს დაეუფლა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გოშაძემ უკვე ჩამბას სახიფათო თავური გაანეიტრალა.
90-ე წუთზე ჩადუნელმა თავის საჯარიმოში თავით ცუდად დაუგდო ბურთი კუპატაძეს, ხოლო ფრანსუა ეკონგოლომ ერთი შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
ომარ თეთრაძის გაწვრთნილი „საბურთალო“ 38 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 27 ქულით მეექვსეა.
საბურთალო 1:3 ტორპედო
ლაშა თაბაგარი