კვეკვესკირი „ლეხს“ კონფერენს ლიგაში დაუბრუნდა

0
67

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი გამოჯანმრთელდა და მიმდინარე სეზონში პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
პოზნანელებმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი სტუმრად „კაუნო ჟალგირისთან“ გამართეს და 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო რადგან პირველი მატჩიც მოიგეს (3:1), შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ტრავმოს მორჩენის შემდეგ, კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მას მარჯვენა ხელის მტევნის ტრავმის გამო არც პირველ შეხვედრაში უთამაშია და პოლონეთის ექსტრაკლასას სტარტზეც „ლეხში“ არ გამოჩენილა. ნიკა ლიტუელებთან მატჩშიც მოედანზე სახვევით გავიდა.
ასევე, შემდეგ ეტაპზე გავიდა დავით ვოლკოვის „საბაჰი“, რომელმაც პირველ თამაშში სტუმრად ლატვიის „რიგასთან“ 2:1 გამარჯვების მერე, მეტოქე აზერბაიჯანშიც ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ისევ სასტარტოში იყო და 28-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 61-ეზე შეცვალეს.

ლაშა თაბაგარი