იტალიის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანს და „ოქროს ბურთის“ მფლობელ ფაბიო კანავაროს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოსამატებელი კიდევ ბევრი აქვს.
„მას მოსამატებელი კიდევ ბევრი აქვს. ის ჭკვიანია. მან განვლილი ჩემპიონატის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად კარგად ჩაატარა, ხოლო შემდეგ უფრო გაუჭირდა, რადგან მეტოქეები მიხვდნენ საქმე რასთან ჰქონდათ და მისი უფრო მჭიდროდ აყვანა დაიწყეს“ – იუწყება კანავაროს ნათქვამს იტალიური მედია.
გასულ სეზონში, 22 წლის კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო, პლუს 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 4 პენალტი მოიპოვა.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგია საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს. მის მიერ ბერგამოს „ატალანტას“ კარში გატანილი გოლი სერია A-ში საუკეთესოდ დაასახელეს.





