ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. სანტიაგო დენიას გაწვრთნილი გუნდი ბუქარესტში გამართულ ნახევარფინალში უკრაინას შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტოქე გაანადგურა.
მე-13 წუთზე მუდრიკი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი ბონდარენკოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გახსნა.
მე-17 წუთზე გომესმა რუისი მოძებნა, რომელიც უკრაინელთა საჯარიმოში ბრაშკოს გაექცა და საბოლოოდ შეტევა გოლით დაასრულა – 1:1. ამ ეპიზოდში ბრაშკო მოწინააღმდეგეს ფეხებში ძალიამ იხეიროდ ჩაუვარდა.
24-ე წუთზე სანსეტმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ესპანელები დააწინაურა – 2:1.
ტაიმის მიწურულს მუდრიკი ესპანელტთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, ორ ფეხბურთელს გაექცა და სუდაკოვი მოძებნა, რომლის დარტყმის მერე ტენასმა ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
54-ე წუთზე რუისის „რაბონას“ მერე ბინდარენკომ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც საჯარიმოში ბლანკომ მიიღო და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:1.
68-ე წუთზე ოროსმა საჯარიმოს ხაზიდნ ბურთი შორეულ კუთხეში მოჭრა და ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
78-ე წუთზე რუისმა უკრაინელების საჯარიმოში გადაცემა გომესს არ დაუგვიანა, რომელმაც მარცხენა ფეხით ბურთი შორეულ კუთხეში „ჩასვა“. დაეჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ესპანეთი ბოლო 7 ევროპის ჩემპიონატიდან ფინალში მეხუთედ გავიდა.
8 ივლისს, ბათუმის ახალ არენაზე ესპანეთი ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 1984 წელსაც შეხვდნენ, როდესაც ორი მატჩი ტარდებოდა და მაშინ ინგლისელებმა შინ 1:0 გაიმარჯვეს, ხოლო სტუმრად 2:0. ევროპის 5-გზის ჩემპიონმა ესპანეთმა, რომელიც ფინალში მეცხრედ გავიდა, ბოლოს ოქროს მედლები 2019 წელს მოიპოვა. ესპანელები გამარჯვებათა რაოდენობით ტურნირის რეკორდსმენები არიან. ინგლისელმა 21-წლამდელებმა ევროპის პირველობა 2-ჯერ მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





