კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე არ ითამაშებს

0
53

“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს. მან ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში.
ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთსი იმართება, სტარტს 21 ივნისს აიღებს და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში პირველ მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობისს “დინამო არენაზე” პორტუგალიასთან ჩაატარებს. იმავე არენაზე ქართველი ახალგაზრდები 24 ივნისს ბელგიას შეხვდებიან, ხოლო 27 ივნისს – ნიდერლანდებს.
ლაშა თაბაგარი