„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო – გვარდიოლამ მესამედ

0
61

„მანჩესტერ სიტიმ“ არებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო. სტამბოლში ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალში ინგლისური გუნდი მილანის „ინტერს“ დაუპრისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის დასაწყისში ბერნარდუ სილვა „ინტერის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და მას მერე რაც ერთ მცველს გაცდა, ახლო მანძილიდან კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა.
27-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ერლინგ ჰოლანდს შეაყოლ;ა, რომელიც ბასტონის გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ონანამ გოლი არ გაუშსვა.
ცოტა ხანში, დე ბრუინი დარტყმის მერე, ისევ მილანელთა მეკარემ იყოჩაღა.
36-ე წუთზე ტრავმირებულმა დე ბრუინმა მოედანი დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ფილ ფოდენი ჩაერთო.
მე-60 წუთზე ბერნარდუ სილვმა პასი უკაბ აკანჯის გაუკეთა და შვეიცარიელმა მცველმა მიულოდნელად გაატარა ბურთი, რომელიც ლაუტარო მარტინესს მიუვიდა, ხოლო არგენტინელი ფორვარდი მახვილი კუთხიდან ანგარიშის გახსნა ეცადა, მაგრამ ედერსონმა დარტყმა მოიგერია.
68-ე წუთზე აკანჯი კარგი პასი მისცა იტალიელების საჯარიმოში მარჯნიდან შეჭრილმა ბერნარდუ სილვას, პორტუგალიელმა კი ასისტენტობა როდრის გაუწია, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
გოლის გაშვებიდან ცოტა ხანში „ინტერს“ საპასუხო ბურთი გატანა შეეძლო, როდესაც მანჩესსტერელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა დუმფრისმა მოიგო და დიმარკოს თავურის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო დიმარკო განმეორებითი თავურის მერე გოლის გატანაში ხელი თანაგუნდელმა ლუკაკუმ შეუშალა.
77-ე წუთზე ფოდენმა მარცხენა ფრთიდან საუცხოო რეიდი განახორციელა, თუმცა, საჯარიმოში შესულმა ცუდად დაარტყა და ონანა ბურთს დაეუფლა.
მატჩის მიწურულს „ინტერის“ საჯარიმოში გიოსენსმა მეორე სართულზე იმარჯვა, ხოლო კართან ახლოს მდგომი ლუკაკუს თავურის შემდეგ ედერსონმა ფეხით მოიგერია ბურთი, რომელიც შემდეგ „სიტის“ მცველ რუბენ დიაშს მოხვდა და მანჩესტერელები აშკარა გოლს გადარჩნენ.
ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე “ინტერმა” კუთხური ჩააწოდა და გიოსენსის თავურის შემდეგ ედერსონმა ნახტომში “სიტი” გოლის გაშვებას გადაარჩინა.
„სიტიმ“ ევროთასი მეორედ მოიპოვა – მანჩესტერელებმა 1969-1970 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიგეს, რომელიც აღარ იმართება. “სიტიმ” თავის ისტორიაში სულ 32 ჯილდო მოიპოვა.
„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდი მეოთხედ გაიყვანა და ტიტული მესამედ მოიგო. ის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირებში გამარჯვების რაოდენობით ზინედინ ზიდანს გაუტოლდა. მანამდე, ესპანელმა სპეციალისტმა ლიგა 2-ჯერ „ბარსელონას“ მოაგებინა. რეკორდსმენი მადრიდის „რეალის“ თავკაცი კარლო ანჩელოტია ოთხი ტიტულით.
„სიტიმ“ არსებობის ისტორიაში პირველად ტრებლი შეასრულა – ერთ სეზონში პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
გვარდიოლა პირველი მწვრთნელია ორი ტრებლით – მან “სიტიმდე” 2008-2009 წლების სეზონშუ “ბარსელონასთან” თავკაცის რანგში ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის სეზონი გვარდიოლასთვის “ბარსაში” სადებიუტო იყო.
“სიტი” ფეხბურთის ისტორიაში მე-8 კლუბია, რომელმაც ტრებლი გაახერხა. ორ-ორჯერ ასეთ წარმატებას მხოლოდ “ბარსელონამ” და “ბაიერნმა” მიაღწიეს. “სიტის” გარდა თითო ტრებლი “სელტიკის” (1966-1967), “აიაქსის” (1971-1972), პსვ-ს (1987-1988), “მანჩესტერ იუნაიტედის” (1998-1999) და “ინტერის” (2009-2010) ანგარიშზეა.
გვარდიოლამ კარიერაში 35-ე ტიტული მოიპოვა. „სიტიში“ გატარებულ 7 წელიწადში კი მე-14. ის „ბარსელონაში“ 14 ტიტულს დაეუფლა, ხოლო „ბაიერნში“ – შვიდს.
ჩემპიონთა ლიგის განვლილი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი “სიტის” ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც 12 გოლი გაიტანა. მან მანჩესტერელთა რიგებში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ყველა ტურნირში 53 მატჩში თავი 52-ჯერ გამოიჩინა, პლუს სამ ტიტულს დაეუფლა.
“სიტის” არგენტინელი ფორვარდი ხულიან ალვარესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ტრებლიც მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატიც.
მანჩესტერი მილანის შემდეგ მეორე ქალაქი გახდა, რომლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე, ნახსენებ ტურნირში 3-ჯერ “მანჩესტერ იუნაიტედმა” გაიმარჯვა.
“ინტერმა” თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის/ ჩემპიონთა თასის ფინალში 6-ჯერ ითამაშა და 3-ჯერ მოიგო, ხოლო ამდენჯერვე დამარცხდა. “სიტისთან” წაგების გარდა, მილანელებმა 1967 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში გლაზგოს “სელტიკთან” 1:2 წააგო, ხოლო 1972 წელს “აიაქსთან” 0:2.
პრემიერლიგის კლუბებმა ბოლო 5 სეზონში ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგეს. საერთო ჯამში, პრემიერლიგის კლუბებმა ამ ტურნირზე 15-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო ესპანურმა კლუბებმა – 19-ჯერ.
ცნობისთვის, სტამბოლში ჩატარებულ ფინალს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე დაესწრო, რომელიც „სიტის“ ერთ-ერთ ლეგენდად მიიჩნევა.
ლაშა თაბაგარი