ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო იტალიანოს განცხადებით, კონფერენს ლიგის ფინალში ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. მან ამის შესახებ დღეს ჩეხეთიდ დედაქალაქ პრაღაში ლონდონის „ვესტ ჰემთან“ დაპირისპირებამდე განაცხადა.
„მეტოქეზე ჯერ არ ვსაუბრობთ. ჩვენი პირველი გამოცდა ისაა, რომ ფინალში ვთამაშობთ. ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა ფატალური გახდეს. თითოეულ სვლას მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა სხვა შედეგამდე მიგვიყვანოს, ვიდრე იტალიის თასის ფინალში, რომელიც წავაგეთ.
ყურადღება ნებისმიერ ასპექტს უნდა მივაქციოთ და მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდეთ. მით უმეტეს, რომ „ვესტ ჰემს“ ვეთამაშებით – ძალიან ძლიერ გუნდს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით, რომლებიც საუცხოოდ ფიზიკურ სათამაშო ფორმაში არიან.
„ვესტ ჰემი“ პრემიერლიგაში არცთუ კარგად გამოდის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათო გუნდია. ასეთ ფინალში როდესაც თამაშობ ე.ი. გარკვეული დონე გაქვს. შემთხვევით ფინალში ვერ მოხვდები და ამიტომ, კარგად უნდა მოვემზადოთ. დევიდ მოიესი დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელია. მისი გაწვრთნილი გუნდები კარგად თამაშობენ. მოიესს პრაღაში სიამოვნებით შევხვდები. დაე, იძლიერესმა გაიმარჯვოს.
ფინალში თამაში და ტიტულის მოგების შესაძლებლობა ძალიან მახარებს. ეს ჩემი ოცნება იყო მას მერე, რაც „ფიორენტინას“ მწვრთნელად დამნიშნეს და მივხვდი, რომ დიდი მიზნის მიღწევის პოტენციალი გვაქვს“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
პრაღაში კონფერენს ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





