საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო 38-ე ტურში “მეცმა” “ბასტიას” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე გაამრჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. ამჯერად, მას გოლი არ გაუტანია. ის 23 გოლით და 8 საგოლე გადაცემით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
“მეცმა” ლიგა 1-ის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა, თუმცა, ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრა ზურიკო დავთაშვილის “ბორდოსა” და “როდეზს” შორის ჩაიშალა.
თამაშის 22-ე წუთზე “როდეზმა” ანგარიში გახსნა და მოზეიმე გოლის გამტანს მასპინძლების ერთ-ერთი გულშემატკივარი მიეჭრა და ორივე ხელი მძლავრად ჰკრა, ხოლო სტუმართა კიდევ ერთ ფეხბურთელს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი თავში მოხვდა. ამ მოვლენების გამო 24-ე წუთზე შეხვედრა შეწყდა და აღარ განახლებულა.
მოხდარს ორშაბათს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს და დიდი ალბათობით “ბორდოს” 0:3 წაგებას ჩაუთვლის. თუმცა, თუ შეხვედრის გაგრძელება გადაწყდა, რაცნაკლებ სავარაუდოა, მაშინ ჟრონდელებმა 5-ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგონ, რადგან “მეცს” სატურნირო ცხრილში 4 გოლით ჩამორჩებიან.
აქვე გეტყვით, რომ დავითაშვილი “როდეზთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ლაშა თაბაგარი





