ჟოზე მოურინიოს თქმით, კარიერის ამ ეტაპზე პირად წარმატებაზე არ ფიქრობს და მისთვის მთავარია „რომას“ გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთოს. მან ამის შესახებ ხვალ ბუდაპეშტში ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან“ გასამართ შეხვედრამდე განაცხადა.
„რომი საფეხბურთო ქალაქია, სადაც იგრძნობა, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ. მე არ ვფიქრობ ადრე რა იყო. ჩემი საიდუმლო და ფილოსოფია წინ ყურებაა. ეს ფინალი ახალი ფინალია. კარიერის ამ ეტაპზე პირად გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, არამედ, მსურს „რომას“ გულშემატკივრებს საჩუქარი გავუკეთო.
შესაძლოა, ხალხი ფიქრობს, რომ იმაზე უფროსი ვარ ვიდრე გამოვიყურები, რადგან დიდი ხანია ფეხბურთში ვმოღვაწეობ და ჭაღარა მაქვს, მაგრამ იმდენად არ დავბერებულვარ, რომ წრე შევკრა. თქვენ კიდევ დიდი ხანი მოგიწევთ ჩემი ყურება.
ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს შორის ურთიერთობაა. მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. სწორედ ამიტომ გულშემატკივრები პატივს გვცემენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენ ყოველდღე გულმოდგინედ ვმუშაობთ და ისტორიას ვქმნით.
ევროთასების ფინალში ზედიზედ ორჯერ გასვლა მხოლოდ დიდ კლუბებს შეუძლიათ, თუნდაც ისინი ზოგჯერ წარმატებას ვერ აღწევდნენ. ჩვენთვის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია“ – იუწყება Sky Sport Italia პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც შარშან „რომას“ კონფერენს ლიგა მოაგებინა და არსებობის ისტორიაში ევროთასი პირველად ააღებინა.
მოურინიო სამწვრთნელი კარიერაში ევროთასის ფინალში მეექვსედ გავიდა და მანამდე ხუთივე გადამწყვეტი მატჩი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





