მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ბარსელონას“ ერთ-ერთი ლეგენდა სერხიო ბუსკეტსი კლუბიდან წავა. ამის შესახებ ესპანელმა ნახევარმცველმა თავად განაცხადა.
„დადგა დრო განვაცხადო, რომ ეს სეზონი „ბარსელონაში“ ჩემთვის ბოლო იქნება. ყოველთვის ვოცნებობდი ამ გუნდის მაისურით „კამპ ნოუზე“ მეთამაშა და რეალობამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა: ვერ წარმომედგინა, რომ კლუბში 15 სეზონს გავატარებდი, მისი წევრი, მოთამაშე და კაპიტანი ვიქნებოდი. მადლობა ყველა ადამიანს, რომელმაც ამაში ხელი შემიწყო: მწვრთნელებს, ექიმებს, თანაგუნდელებს. გულშემატკივრებს მთელი მსოფლიო მასშტაბით და ცხადია, ჩემს ოჯახს“ – დაწერა ბუსკეტსმა.
34 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 719 მატჩში 18 გოლის გატანის გარდა, 45 საგოლე გადაცემა შეასრულა
მან ესპანეთის ჩემპიონატი 8-ჯერ, ესპანეთის თასი 7-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ხოლო უეფას ევროპის სუპერთასი 5-ჯერ მოიგო.





