ერლინგ ჰოლანდის თქმით, მუდმივად რეკორდებზე ფიქრს არ აპირებს, რადგან ჭკუიდან შეიშლება. მან ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის გადატანილ შეხვედრაში „ვესტ ჰემთან“ (3:0) გატანილი გოლის შემდეგ განაცხადა, რის წყალობით, სეზონში 35 ბურთი დაუგროვდა, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ნორვეგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 51 გოლი მიითვალა. მასზე უკეთესი შედეგი ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან მხოლოდ „ევერტონის“ ექსთავდამსხმელ დიქსი დინს აქვს, რომელმაც 1927-1928 წლების სეზონში ყველა ტურნირში მოწინააღმდეგეები 63-ჯერ დაამწუხრა.
„ამჟამად, დიქსი დინის რეკორდზე არ ვფიქრობ. გამოვიძინებ, ხვალ ავდგები და მუშაობას გავაგრძელებ, რომ „ლიდსთან“ მატჩში 3 ქულა ავიღოთ. ამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და იოლი არ იქნება.
ჩემთვის მუდმივად ამ რეკორდებზე ფიქრი არ შეიძლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჭკუიდან შევიშლები. სახლში წავალ, ვიდეოთამაშებს ვითამაშებ, შევჭამ და დავიძინებ. ვერ ვიტყვი, რომელ ვიდეოთამაშებს, რადგან უხერხულია“ – განაცხადა 22 წლის ნორვეგიელმა Sky Sports-თან.




