კვერკველია გუგეშაშვილის გუნდთან დამარცხდა

0
83

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბაქოს „ნეფთჩი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია და ნახევარმცველი ვატო არველაძე გამოდიან, შინ აგდამის „ყარაბაღთან“ დამარცხდა, სადც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირჯება.
ორივე გუნდში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კვერკველიამ ითამაშა, რომელიც 90 წუთი არ შეუცვლიათ – არველაძეს და გუგეშაშვილს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
სტუმრებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, ხოლო ხუთ წუთში ორი ბურთით დაწინაურდნენ. ამას ისიც დაერთო, რომ 21-ე წუთზე „ნეფთჩის“ ფეხბურთელი გაუძევეს. ბაქოელებმა ერთი საპასუხო ბურთი შესვენებამდე 5 წუთით ადრე გაიტანეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში „ნეფთჩის“ მოთამაშემ ავტოგოლი მიითვალა. ამის შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს – ჯერ მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს, ხოლო შემდეგ „ყარაბაღმა“ მეტოქის კარი მეოთხედ აიღო.
მოქმედმა ჩემპიონმა აგდამელებმა 81 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ დავით ვოლკოვის „საბაჰს“ 7 ქულით ასწრებენ. „ნეფთჩი“ 61 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

ლაშა თაბაგარი