თემურ ჩოგაძემ, რომელიც ყარაგანდის „შახტიორში“ შარშან გადავიდა, ყაზახურ კლუბში თავის ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.
თასის 1/8-ფინალში „შახტიორმა“ სტუმრად „ოკჟეტპესს“ 5:0 აჯობა და სასტარტოში მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ყარაგანდელები, რომელთაც საშინაო შეხვედრა უფრო მოკრძალებული (1:0) ანგარიშით მოიგეს, 1/4-ფინალში ითამაშებენ.
ჩოგაძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერ მეტოქის კარი არ აუღია.
1/4-ფინალში ითამაშებს თამაზ მაქაცარიას და ლუკა იმნაძის „ყიზილ-ჟარი“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში „ჟეტისუს“ აჯობა – სტუმრად მეტოქეს უგოლოდ გაეყარა, ხოლო შინ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. საპასუხო შეხვედრაში მაქაცარია სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო იმნაძეს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
ლაშა თაბაგარი





