კარლო ანჩელოტის განცხადებით, მარცხი პოზიტიური არასოდესაა, მაგრამ შესაძლოა სასარგებლო იყოს.
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად მოულოდნელად „ჟირონასთან“ 2:4 მარცხის შემდეგ განაცხადა. განვლილ შეხვედრაში მასპინძლებიდან 4 გოლი არგენტინელმა ფორვარდმა ვალენტინ კასტელანოსმა გაიტანა. ის ბოლო 76 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც „რეალთან“ ლა ლიგაში პოკერი შეასრულა.
მანამდე, იმავე 1947 წელს „ოვიედოს“ ფეხბურთელმა ეჩევარიამ მოახერხა. ყველა ტურნირს რაც შეეხება,
კასტელანოსამდე მადრიდელთა კარში 4 ბურთი 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო, რომელიც მაშინ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გამოდიოდა.
„მძიმე საღამო იყო, განსაკუთრებით ასეთი წაგების გამო. დაცვის ხაზში თამაშის თვალსაზრისით ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ეს საკვანძო მომენტი იყო.
დღეს გუნდს ფაქტობრივად არ უთამაშია და ვითარების შეცვლა ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გადავწყვიტეთ. ყველა გაგებით ძალიან დაბალ დონეზე ვითამაშეთ. გუნდი ნერვიულობდა.
წაგება პოზიტიური არასოდესაა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა სასარგებლო იყოს. დაცვაში საიმედო თამაშის გარეშე გამარჯვება პრობლემური იქნება.
განვლილ მატჩში უკანა ხაზში ჩვეულად საიმედოდ არ გამოვიყურებოდით. თუ ფეხბურთელები ამას ვერ მიხვდნენ, მაშინ ყოველ დღე გავუმეორებ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.





