გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. პირველი წრის ბოლო შეხვედრაში წყალტუბოელებმა „სამტრედია“ მიიღის და მინიმალური სხვაობით სძლიეს.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 63-ე წუთზე კამერუნელი სირილ ჩამბას დარტყმის შემდეგ ხარიხას მოხვდა ბურთი,, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ზვიად ნაჭყებიამ მიიღო და ზუსტად დაარტყა – 0;1.
83-ე წუთზე „სამგურალმა“ კუთხური ჩააწოდა და გიორგი პაპუნაშვილს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა – მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ნოდარ ლომინაძემ გოლად აქცია.
88-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს დემურ ჩიხლაძე, ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ჯერ ომარ პატარკაციშვილმა მოიგო, შემდეგ დავით მაისაშვილმა და „სამტრედიას“ კარის წინ მყოფმა იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სამგურალს“ 16 ქულა აქვს და პირველი წრე 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაასრულა. „სამტრედია“, რომელიც გუნდიდან წასული გიორგი შაშიაშვილის მაგივრად სათამაშოდ გოჩა ერაძემ გაიყვანა, 4 ქულით ბოლოა.
გაგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „გაგრამ“, რომელსაც მე-8 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა. ამჯერად, გაგრელებმა მათ მსგავსად ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
შეხვედრის მე-15 წუთზე ბრაზილიელმა მათეუს მარკონდელემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შორეულ კუთხეში დაარტყა – გოგი კულუას შეცდომის მერე ანგარიში გაიხსნა.
65-ე წუთზე ლევან ქურდაძემ თავის საჯარიმოში თემურ შონია წააქცია, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, ხოლო მასპინძლების სასარგებლოდ დაინიშნა.
„გაგრას“ ზედიზედ 3 მატჩი (2 გამარჯვება და 1 ფრე) არ წაუგია და 8 ქულით მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილი „შუქურა“ 6 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





