შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში, სადაც საქართველოც გამოდის, გალიდერდა. სტივ კლარკის შეგირდებმა პირველ ტურში შინ კვიპროსთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, გლაზგოში „ჰემდენ პარკზე“ ესპანეთი მიიღეს და 2:0 აჯობეს. მატჩის გმირი ამჯერადაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი აღმოჩნდა, რომელმაც კვიპროსელებთან მატჩის მსგავსად დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუოს დე ლა ფუენტემ პირველ ტურში სახლში ნორვეგიასთან 3:0 მოგებული თამაშის მერე, სასტარტო შემადგენლობაში 8 ფეხბურთელი შეცვალა, რაც ძვირად დაუჯდა.
მატჩის მე-7 წუთზე პედრო პორო თავის საჯარიმოში წაიქცა და ბურთი დაკარგა, რის შემდეგ ენდრიუ რობერტსონმა პასი მაკტომინეის გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
51-ე წუთზე შოტლანდიელთა მორიგი შეტევის დროს ესპანელმა მცველებმა კარგად ვერ მოიგერიეს ბურთი, რომელიც საჯარიმოში შეჭრილმა მაკტომინეიმ მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 2:0.
შოტლანდია 6 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო ესპანეთმა 2014 წლის შემდეგ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად წააგო – მანამდე ჩატარებული 19 შეხვედრიდან 17 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
გარდა ამისა, ესპანეთი 2016 წლის შემდეგ პირველად ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
ესპანეთმა ევროშესარჩევში ჩატარებულ ბოლო 39 შეხვედრაში გოლი პირველად ვერ გაიტანა.
შოტლანდიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ესპანეთს მესამედ აჯობა. 28 მარტს გასამართ თამაშამდე “სქოტებმა” ბოლოს “ფურია როხა” 1984 წლის 11 ნოემბერს მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გლაზგოში 3:1 დაამარცხეს.
მატჩის შემდეგ შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა შემდეგ განაცხადა:
„ბიჭებმა პირველიდან ბოლო წუთამდე საუცხოოდ ითამაშეს. მთელი მატჩის განმავლობაში დინამიკა, ენთუზიაზმი და თამაშის ხარისხი მთელი მატჩის განმავლობაში მაღალ დონეზე იყო.
ვფიქრობ წინ ნაბიჯი გადავგდით, მაგრამ ეს მხოლოდ 6 ქულაა, რაც ფინალურ ეტაპზე მოხვედრის გარანტია არაა“.





