ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ფეხბურთელებთან პრეტენზია არ აქვს და მიაჩნია, რომ შოტლანდიასთან მატჩში წარმატების მისაღწევად გოლების გატანა დააკლდათ. მან ამის შესახევ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში გლაზგოში 0:2 წაგების მერე განაცხადა.
„შედეგის მისაღწევად ბევრი სწორი რამ გავაკეთეთ. გონებაში დადებით მომენტებს შევინახავ. უნდა მოვუმატოთ, მაგრამ საქმისადმი მოთამაშეების დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ყველაზე მთავარია პოზიტიური დასკვნა გავაკეთოთ და შემდეგ ვნახოთ რა არ გამოგვივიდა.
ორივე გოლი შემთხვევით გავიდა. მოთამაშეებს ვერ ვუსაყვედურებ. ასეთ დონეზე ნებისმიერმა წვრილმანმა შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, ხოლო შემდეგ თითქმის ყველაფერი რაც მოვამზადეთ, მეტოქემ მოიგერია.
ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო. ჩვენ ის გავაკეთეთ, რაზეც ვმუშაობდით, მაგრამ ორ ეპიზოდში დაგვსაჯეს. რა თქმა უნდა, პოროს ან კარვახალს არ ვადანაშაულებ. ეს ორი შემთხვევითობაა. ჩვენ საგოლე მომენტები შევქმენით და კმაყოფილი ვარ, რომ იმის რეალიზება მოვახერხეთ, რაზეც ვიმუშავეთ.
ჩვენი გეგმა არ იცვლება. ჯგუფში 6 თამაში დაგვრჩა და ესპანეთი დასახული გეგმის შესრულებას განაგრძობს – ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ. ესპანეთმა შოტლანდიაზე მეტი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლები მეტოქემ გაიტანა.
შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით რასაც 4 დღის ვარჯიშით მივაღწიეთ. მსურს ჩემი იდეით ვიმუშავო, რომელიც პერსპექტივაზეა გათვლილი. ჩვენ გოლები არ გვეყო, რადგან მომენტებს ვქმნიდით და მეტოქის კარში ვარტყამდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ჩვენმა გუნდმა მეტი თავდაჯერება უნდა შეიძინოს. დარწმუნებული ვარ, რომ გოლები მოვა და უკეთესები გავხდებით“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა AS.





