საქართველომ ნორვეგიასთან ნავსი გატეხა

0
56

ბათუმში ჩასატარებელ შეხვედრამდე საქართველო ნორვეგიას სამჯერ დაუპირისპირდა და ყველა მატჩი წააგო – 1996 წელს ოსლოშში ამხანაგურ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა,  1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში – 1:4, ხოლო ოსლოში – 0:1.
1996 წელს გამარჯვების ერთადერთი გოლი ნორვეგიელთა ამჟამინდელმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პენალტიდან გაიტანა. იმ მატჩში დებიუტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს ჰქონდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი „აიკიდა“. სოლბაკენმა ევრო 2000-ის შესარჩევში საქართველოსთან ორივე შეხვედრაში ნორვეგიელებს უკაპიტნა. თბილისში ჩატარებულ მატჩში ასევე ერლინგ ჰალანდის მამამ ალფ ინგე ჰალანდმა ითამაშა.
შეხვედრის დაწყებამდე გურამ კაშიას, რომელიც 102 თამაშით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა უეფას სპეციალური პრიზი გადასცეს – მედალი, ჩარჩოში შასმული მაისური დ შავი სპორტული კეპი შუშის ყუთში მოთავსებული.


საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრში გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია და ჯიმი ტამიძე მოქმედებდნენ. მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ჩააბარეს, მარცხენა – ირაკლი აზაროვს. ნახევარდაცვის ცენტრი ნიკა კვეკვსკირს, გიორგი აბურჯანიას და ზურიკო დავითაშვილს ეკავა. მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა კვაარცხელია უტევდა, თავდასხმის ცენტრში კი გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა.


მატჩის დასაწყისი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა და პირველ ტაიმში სანიოლის გუნდი ქარის საწინააღმდეგოდ თამაშობდა. სტარტიდან მალე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი აზაროვი მოძებნა, რომლის ერთი შეხებით დარტყმულს მცველი გადაეფარა და მიქაუტაძის დამატებულიც სკანდინავიელთა უკანახაზელმა დაბლოკა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში სორლოტის დარტყმის შემდეგ მამარდაშვილს ბურთის მოგერიება გაუჭირდა და ჩვენი გუნდი გოლის გაშვებას გადაურჩა. მე-15 წუთზე მამარდაშვილის მიერ თავისი საჯარიმოდან მოგერიებულ ბურთს ეურსენსი დაეუფლა, რომლის გადაცემის შემდეგ სორლოტი კაშიას გაექცა და საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში ზუსტი, ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
ტაიმის შუაწელში კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და ტაბიძის თავურის მერე ბურთი კარს გადაცდა. 30-ე წუთზე ნორვეგიელთა კონტრშეტევის დროს ოდეგორმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 36-ე წუთზე ოლე სოლბაკენი შეტევის მარჯვენა ფრთაზე ტაბიძესა და აზაროვს გაექცა, რის შემდეგ საჯარიმოში შესულმა პასი ელიუნუსს მისცა, რომლის დარტყმულიც მამარდაშვილმა მოიგერია, აურსენსმა კი ცუდად დაამატა. ამ ეპიზოდში მამარდაშვილმა თავისი გუნდი მეორე გოლის გაშვებას გადაარჩინა.
38-ე წუთზე კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო და საპირისპირო მხარეს აზაროვი მონახა, რომლის პასის მერე კვარცხელიამ შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გათანაბრებას ცოტა დააკლდა. ტაიმის მიწურულს დავითაშვილმა რეიდი თავის ნახევრიდან წამოიწყო და გზად სამ მეტოქეს გვერდი აუარა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა ვერ დაარტყა და ბურთი დაკარგა.
ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ სანიოლის გუნდმა შესვენების შემდეგ რადიკალურად სხვა თაამში აჩვენა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართელოს ნაკრების შეტევის დროს დავითაშვილმა სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ კაკაბაძეს მისცა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
58-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი ნორვეგიელთა ნახევარზე მარცხენა ფლანგზე მიიღო და ცენტრისკენ შეწეულმა დაარტყა. 61-ე წუთზე თავისი ნახევრიდან კვერკველიას გადაცემის მერე, გიორგი მიქაუტაძემ ბურთი თავით “შეიგდო” და მას შემდეგ რაც სტრანდბერგს და პედერსენს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაათანაბრა. მან ნაკრებში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი შეაგდო.

ამის შემდეგ, მასპინძლების მორიგი იერიშისას კვარაცხელიამ ბურთი არ დაუგვიანა, სკანდინავიელების საჯარიმოში მარჯვნიდან შესულ საბა ლობჟანიძეს, რომლის სახიფათო დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა. 70-ე წუთზე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
71-ე წუთზე, კვარაცხელია შეტევის მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაცდა და მისი ჩაწოდების მერე მიქაუტაძის მიერ მიწაზე დაუშვებლად დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
ნორვეგიელთა საპასუხო იერიშისას საქართველოს საჯარიმოში მყოფმა სორლოტმა ახლო მანძილიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ჩვენი გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.
76-ე წუთზე თანაგუნდელის პასის მერე სორლოტმა ჩვენს საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილმა არ დაარტყმევინა, ხოლო დამატებაზე ოდეგორმა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, აშკარად დაგვინდო – ბურთი კარს გადააცილა.
მე-80 წუთზე კვაარცხელია ჩვეულ სტილში მარცხენა ფრთაზე ორი ნორვეგიელს გაუმკლავდა და ბურთი შორეულ კუთხეში „მოჭრა“ – სტუმრები ბურთის გაშვებას გადარჩნენ.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში კვეკვესკირმა მეტოქის ნახევარზე მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა, რასაც ნორვეგიელების კონტრშეტევა და მარჯვნიდან საჯარიმოში შესული სორლოტის ჩაწოდება მოჰყვა, ხოლო ბურთი ვარდნაში კაშიამ მოიგერია. ნორვეგიელი ფეხბურთელები მიუთითებდნენ, რომ ქართველთა კაპიტანმა ხელით ითამაშა, მაგრამ რეფერის ვიდეოასსისტენტზე გადამოწმების შემდეგ, ლატვიელმა მსაჯმა პენალტი არ დადო. საქართველოს ნაკრებმა შინ წაუგებელი მატჩების სერია შვიდამდე გაზარდა. ბოლოს ვილი სანიოლის გუნდი 2021 წელს ბათუმში საბერძნეთთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან ზედიზედ სამი მარცხის მერე ნავსი გატეხა და ქულა აიღო. სანიოლის გაწვრთნილები ევრო შესარჩევში 17 ივნისს სტუმრად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილა კვიპროსს შეხვდებიან, ხოლო 20 ივნისს – გლაზგოში შოტლანდიას.


საქართველო – ნორვეგია 1:1 (0:1)
28 მარტი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 20 ათასი მაყურებელი
საქართველო:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, ტაბიძე (ზივზივაძე, 59), კაშია (კ), კვირკველია, აზაროვი (გოჩოლეიშვილი, 70), კვეკვესკირი, აბურჯანია, დავითაშვილი (ლობჟანიძე, 59), კვარაცხელია, მიქაუტაძე
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
ნორვეგია: ნილანდი, სტანდბერგი, მეილინგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი, 90+5), ბერგი (ტორსტვეტდი, 90+5), სოლბაკენი (ბრინჰილდსენი, 82), ედეგორი, ელიუნუსი (ბერგე, 78), ეურსენსი, სორლოტი.
მთავარი მწვრთნელი:
სტოლე სოლბაკენი.
გოლი: 0:1 სორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (61)
გაფრთხილება: აზაროვი (53), აბურჯანია (72), სოლბაკენი (80), მელინგი (89).
მთავარი მსაჯი: ანდრის ტრეიმანისი (ლატვია)

დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი და ვებგვერდი atiani.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბათუმში ჟურნალისტებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის
გოჩა კაჭარავ