ლაზარე კუპატაძე: “ნაკრებში მალე დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ”

0
44

თბილისის “საბურთალოს” მეკარე ლაზარე კუპატაძემ კლუბის პრესამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო ეროვნულ ნაკრებში მალე დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
–  “საბურთალოში”რამდენიმე მატჩი ითამაშეთ. ახლა თავს როგორ გრძნობთ, როგორ სათამაშო ფორმაში ხართ?
– იდეალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა ვგრძნობ, რომ უკეთესობა არის და იმედია მალე ყველაფერი კარგად იქნება. ყველანი გვერდში მიდგანან და ძალიან მეხმარებიან – როგორც მთავარი მწვრთნელი და მეკარეების, ასევე სამწვრთნელო შტაბი. როგორც ყოველთვის,  კლუბისგან ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ გვერდში დგომას. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ადამიანს, მადლობას გადავუხდი.
 ჩემპიონატის სტარტზე რას იტყვით – ამ დროისთვის გუნდის აქტივში 6 ქულაა…
– ჯერ, ახალი დაწყებულია პირველობა, ამ დროისთვის არაა გუნდი სასურველ კონდიციებში. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტი ქულის აღება, მაგრამ რამდენიმე შეხვედრაში არ გაგვიმართლა. შეგვიძლია, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატაროთ, ამის თქმის საბაბს გუნდში არსებული კონტიგენტი მაძლევს. “საბურთალო” კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ნამდვილად არის მომატების პოტენციალი და ვფიქრობ, ასეც იქნება.
– “საბურთალო” მრავლად ზრდის ნიჭიერ და წარმატებულ ფეხბურთელებს, ასევე გამოსარჩევია მეკარეების სკოლაც. ხშირად გიწევთ-ხოლმე ვარჯიშები ახალგაზრდა მეკარეებთან. ამ კუთხით, როგორი თაობა მოდის “საბურთალოში”?
– არა მარტო მეკარეები… “საბურთალოში” ყოველთვის იზრდებოდნენ და იზრდებიან, როგორც ნიჭიერი მეკარეები, ასევე ფეხბურთელები. მაშინაც, როდესაც არ ვთამაშობდი თბილისურ კლუბში, ყოველთვის თვალს ვადევნებდი “საბურთალოს” ფეხბურთელებს. ახალგაზრდა მეკარეები პერსპექტიულები არიან და ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
– კლუბში რამდენიმე ახალწვეულია, რაც გუნდთან შეგუებას საჭიროებს. როგორი გარემოა “საბურთალოში”?
– რა თქმა უნდა, დიდ ნაწილს ვიცნობდი, მაგრამ რამდენიმე მათგანი შეკრებაზე გავიცანი. ბევრს ვსაუბრობთ და ვხუმრობთ გასახდელში, ასევე სხვადასხვა თამაშებს განვიხილავთ. გარემო მშვენიერია, ეს წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.
 ამ გადასახედიდან, სამეულისთვის ბრძოლა შეუძლია გუნდს?
– ყველაფერი შესაძლებელია, ბევრი რამ ჩვენს ხელშია. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ყველამ. ერთი მიზნისკენ ვისწრაფვით, მჯერა შედეგი გვექნება.
– ერთი თვის წინ ბათუმში იყავით, სადაც “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშეთ. საინტერესოა, როგორ დაგხვდნენ აჭარლები?
–  ძალიან ემოციური იყო ბათუმში ჩასვლა უკვე სტუმრის სტატუსით. აჭარაში გულშემატკივრებისგან განებივრებული ვარ ყურადღებით, სითბოთი… ეს სპორტია, სამწუხაროდ მომიწევს-ხოლმე მათ წინააღმდეგ თამაში, მაგრამ მინდვრის გარეთ ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. დღე არ გავა სოციალურ ქსელში ბათუმიდან ვინმემ არ მომწეროს, ვინმემ არ მომიკითხოს. აინტერესებთ ჩემი მდგომარეობა და წარმატებებს მისურვებენ.
– საქართველო ნაკრებზეც გკითხავთ, რომელსაც 28 მარტს ნორვეგიასთან რთული და მნიშვნელოვანი თამაში ელის. რა მოლოდინი გაქვთ?
– ბოლო დროს, ნაკრებში ისეთი გარემოა, კარგა ხანია ასე არ ყოფილა. ამ ფაქტს ყველა აღნიშნავს. ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ძალიან კარგი თამაში იქნება ნორვეგიასთან და დასრულდება საქართველოს ნაკრების გამარჯვებით!
– როდისთვის შეიძლება ისევ ვიხილოთ ლაზარე კუპატაძე ეროვნულ ნაკრებში?
– ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე ნაკრებში. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ გამოძახებას, მანამდე სისტემატურად ვიყავი გამოძახეული. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – ვფიქრობ, მალე დავბრუნდები.