საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე თურქეთში ჩატარებული შეკრებით და ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში 1:0 გამარჯვებით კმაყოფილია, მაგრამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გაძლიერებას ელოდება.
რამაზ სვანაძე: “ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ. კარგია განწყობისთვის და ზოგადად, ნაკრების დონეზე გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში თამაშს დავყოფდი 2 ძირითად ნაწილად – პირველი ტაიმი, სადაც ერთადერთი რაც დაგვაკლდა იყო მეტი გატანილი გოლი და მეორე ნახევარი, სადაც მეტოქე უფრო აგრესიული გახდა და შედარებით გაგვიჭირდა.
რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩვენ მათ დიდი ხანია ვაკვირდებით. ბევრი მათგანი საქართველოში თამაშობს, სადაც აქვთ სისტემატიური სათამაშო პრაქტიკა და ამიტომ მათ მიეცათ შანსი, ჩვენც ბუნებრივია გვაინტერესებდა როგორ გაართმევდნენ ისინი თავს სანაკრებო დონეზე დაკისრებულ მოვალეობას.
თვითონ განვლილ პერიოდს რაც შეეხება, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, იდეალურ გარემოში და იდეალურ პირობებში მოგვიწია ერთი კვირის გატარება. აქცენტი უფრო გადატანილი გვქონდა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე და დღევანდელი მატჩიც შესაბამისი იყო, ვგულისხმობ ტაიმებს შორის სისტემის ცვლილებას.
საერთო ჯამში შეკრებით კმაყოფილები ვართ, ერთადერთი სამწუხარო იყო ის, რომ ტრავმის გამო გუნდს შოთა ნონიკაშვილი და ნიკოლოზ ხორხელი გამოაკლდნენ და მათ ვერ შეძლეს დღეს მოედანზე გასვლა. ბიჭებს მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
რა თქმა უნდა ველოდებით გაძლიერებას, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ურთულეს ჯგუფში ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სრულ მზადყოფნაში შევხდებით ფინალურ ეტაპს”.
ახალგაზრდული ნაკრები 21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ ტურში თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, პორტუგალიას დაუპირისპირდება. სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ასევე ჯგუფში ბელგიას და ნიდერლანდებს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი




