სანიოლი: “გუნდურობა გვაკლდა, პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ”

0
11

ვილი სანიოლის აზრით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბათუმში მონღოლეთთან 6:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში გუნდურობა აკლდა.
ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“დასკვნების გამოტანა რთულია. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე ყოფილიყო. ისინი ხშირად არ თამაშობენ ერთად და ამის გამო გუნდურობა გვაკლდა, თუმცა ეს ბუნებრივია. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. ნელა ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი, ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვეცა და უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ, მრავლად გვქონდა მომენტები და სეზონის პირველი მატჩისთვის ეს დადებითი მხარეა. ნორვეგიასთან გაცილებით რთული მატჩი გველის და წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იქნება შესაცვლელი. 
პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ მოედნის ცენტრთან უფრო ახლოს ემოქმედა. პირველ ნახევარში დიდ დროს ატარებდა მარცხენა ფლანგზე. ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები, როგორიც გიორგია, ცენტრში უფრო პროდუქტიულები არიან. ცვლილების შემდეგ, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ.
გიორგი ლორიამ მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ ტრავმა მიიღო. მოედანზე სრულ მზადყოფნაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება და სწორედ ამის გამო შემოვიდა გუგეშაშვილი. ჩვენ გეგმებში არ შედიოდა მეკარის ცვლილება, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და გუგეშაშვილმა კარგად გაართვა თავი დავალებას“.
ლაშა თაბაგარი