გიორგი ჩაკვეტაძე: “იმედია მომავალში უფრო მეტს გავიტან”

0
11

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს უხარია, რომ ნავსი გატეხა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა. მან ამის შესახებ ბათუმში მონღოლეთტან 6:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა, მაგრამ მანამდე პენალტი ვერ გამოიყენა.
გიორგი ჩაკვეტაძე: “პირველ ყოვლისა ვულოცავ გუნდს გამარჯვებას, კარგად ვითამაშეთ. დიდი ხანი არ მქონდა ეროვნულ ნაკრებში გოლი გატანილი და კარგია, რომ გავიტანე, ნავსი გავტეხე. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტს გავიტან. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ნორვეგიასთან და დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვებას მოვახერხებთ“.
საბა ლობჟანიძე: „საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ მოვიგეთ, რაც გვქონდა დავალება, რომ ბევრი გოლი გაგვეტანა, გავიტანეთ. ეროვნულ ნაკრებში გოლი განსაკუთრებულია და მიხარია, რომ გავიტანე, ბუდუსაც რომ გავატანინე, გამიხარდა. ახლა, ნორვეგიისთვის ვემზადებით“.
ბუდუ ზივზივაძე: „რა თქმა უნდა, მოედანზე გამარჯვებისთვის ვიყავით გასული. სამ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ამისთვის მოსამზადებელი მატჩი იყო. ვულოცავ საქართველოს, თანაგუნდელებს, მოგება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმშიც იყო მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მეორე ნახევარში კი შევიტანეთ გარდატეხა, გავიმარჯვეთ და ბედნიერები ვართ. ნაკრებში თითოეული გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ბედნიერი ვარ. უთამაშებლობის და უგოლო სერიის დიდი ხანგრძლივობა მქონდა, შესაბამისად, ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე“.
ლაშა თაბაგარი