ვილი სანიოლი: “ნორვეგიას თუ ჰალანდი ჰყავს, ჩვენ – გურამ კაშია”

0
66

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსს ვილი სანიოლს ნორვეგიელთა მრისხანე ფორვარდი ერლინგ ჰალანდი არ აშინებს და 28 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში სკანდინავიელებთან მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს სასტუმრო “პულმანში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვილი სანიოლი: “საკმაოდ დიდი ხანია მას მუხლი აწუხებს. მისმა კლუბმა ძალიან გვთხოვა, რომ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს უკვე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის გამო, ის 6-დან 8 კვირამდე პერიოდს გამოტოვებს. მე მას პარასკევს ვესაუბრე და ნამდვილად არ უნდოდა გუშინ “კოპენჰაგენში” თამაში. მენისკის პრობლემა სერიოზულია და ამ ეტაპზე მისი არ გამოძახება სწორი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან.
ზოგი ცოტას თამაშობს, ზოგს დიდი ხანია აღარ უთამაშია. ნორვეგიასთან მატჩი ძალიან პრინციპულია და ყველა პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი მაინც უნდა მყოლოდა, ვინც რეგულარულად ითამაშებდა. აზაროვი, წიტაიშვილი და გიორბელიძე ძალიან ცოტა დროს იღებენ თავის გუნდში და ეს უნდა შეიცვალოს დროთა განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მათ გამოძახებას ვეღარ შევძლებ. შემადგენლობა ისე უნდა ავარჩიო, რომ წარმატების მიღწევა შევძლოთ. ლოჩოშვილს ამ ეტაპზე მას სათამაშო დრო არ აქვს, ამიტომაც თავი შევიკავე მისი გამოძახებისგან.
საზონოვს არაერთხელ ვესაუბრეთ და თავადაც გამოთქვა სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ. ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო. ამის შემდგომ, ჩემთვის პრიორიტეტი ის იქნება, თუ რამდენად მზად იქნება ის ამა თუ იმ შეხვედრისთვის. თუ მივიჩნევ, რომ ნორვეგიასთან თამაშისთვის მზად იქნება, მე მას ვათამაშებ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში გადაწყვიტა თამაში.
მე პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ორი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ჩვენ ძალია დაგვეხმარება. პოლიტიკური საკითხები ყოველთვის აქტუალურია, თუმცა რაღაც მომენტში მე პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნო და ნაკრების ინტერესებზე ვიფიქრო.
გაგნიძე მანამდე იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მზად არ იყო. მას შემდეგ, რაც მის თამაშს ვუყურე, დავინახე, რომ ის მზად არის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.
ვაკო ყაზაიშვილს რაც შეეხება, ყველა მოთამაშემ ანგარიში უნდა გაგვიწიოს მეც და თანაგუნდელებს. გუნდში ყოველთვის უნდა იყოს პატივსაცემი და პოზიტიური გარემო. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებისგან თავი შევიკავეთ, თუმცა მომავალში რა იქნება, ეს არავინ იცის.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებდი. სპალეტისთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის არ ცხოვრობს საქართველოში, თუმცა ფეხბურთელები ზრდასრული ადამიანები არიან და მათ თავისუფალ ქვეყანაში აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა სოციალურ მედიებში. მეც უცხოელი ვარ აქ, ყველამ კარგად მიმიღო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, თუმცა ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება და პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება არ შემიძლია.
გაბრიელ სიგუას გორეცკას შევადარებდი, რადგან მშრომელი და თავისი ასაკისთვის ფიზიკურად განვითარებულია. ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრებში, მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა მე ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ ვიძახებ, თუ მიმაჩნია, რომ ის სათამაშოდ მზადაა და არა იმისთვის, რომ უბრალოდ გუნდთან ერთად გაატაროს დრო. მნიშვენლობა არ აქვს ასაკს და გუნდს, თუ ფეხბურთელი მზადაა, მე მას გამოვიძახებ, მაგრამ იმაზე მეტს არ მოვთხოვ, რაც მე აქამდე მისგან დავინახე. ბევრი ვიფიქრეთ მის გამოძახებაზე. ძალიან მომეწონა თამაში და ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის მზადაა.
მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ მჩვევია. ნორვეგიას ჰალანდი ჰყავს, ჩვენ კი გურამ კაშია. ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი.
ჩაკვეტაძე თავიდან ძალიან წარმატებით თამაშობდა, თუმცა შემდეგ მას რთული პერიოდი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მას ნაკრებში მაინც ვიძახებდით. ის კოლექტივის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. მან ჩვენი მხარდაჭერა იგრძნო და ძალიან მიხარია ის, რომ გუნდშიც მუდამ თამაშობს. პოზიცია ჯერ არ ვიცი, თუმცა იმედია, რომ მოედანზე მისთვისაც მოიძებნება ადგილი. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ის ჯანმრთელია და თამაში შეუძლია”.