„ბარსელონამ“ მე-100 „ელ კლასიკო“ მოიგო

0
28

„ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალს“ ესპანეთის ლა ლიგაში მეორე „ელ კლასიკოც“ მოუგო და ფაქტობრივად ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.
„ნოუ კამპზე“ გამართული შეხვედრის მე-9 წუთზე ვინისიუს ჟუნიორ მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და მისი ჩაწოდების შემდეგ, არაუხომ თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლების ხანგრძლივი შეტევა მადრიდელთა საჯარიმოში მყოფმა სერხიო რობერტომ ზუსტი დარტყმით დაასრულა. 81-ე წუთზე „რეალი“ მარკო ასენსიომ დააწინაურა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა გოლი გააუქმა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ბარსელონას“ კონტრშეტევა ფრან კესიემ ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:1. მან გამარჯვების ბურთი თასის ნახევარფინალში მადრიდში 1:0 მოგებულ შეხვედრაშიც გაიტანა.
„ბარსელონამ“ მადრიდელებს მე-100 „ელ კლასიკო“ მოუგო.
„ბარსელონამ“ „რეალს“ ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივეში აჯობა- სუპერთასზე, თასზე და ჩემპიონატში. კატალონიელებმა ასეთი რამ 2011-2012 წლების სეზონიდან პირველად მოახერხა – მაშინ გუნდს პეპ გვარდიოლა ავარჯიშებდა, ხოლო „რეალს“ ჟოზე მოურინიო. ს
კატალონიელთა თავკაცმა ხავიმ „რეალის“ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის 6 თამაშიდან ოთხში სძლია. იტალიელმა სპეციალისტმა ლა ლიგაში ჩატარებულ 8 „ელ კლასიკოდან“ 5 წააგო.
ჩემპიონატის დასრულებამდე 12 ტურით ადრე, „ბარსელონას“ 68 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ – 56.
ლაშა თაბაგარი