„რეალმა“ ენფილდზე „ლივერპული“ წალეკა

0
40

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილებში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტების „ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება იყო.
ლივერპულში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში მადრიდელებმა საუცხოოდ ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდნენ, საბოლოოდ 5:2 გაიმარჯვეს.
მასპინძლები მე-4 წუთზე დარვინ ნუნიესმა დააწინაურა, რომელმაც მოჰამედ სალაჰის პასი გამოიყენა. 10 წუთში მეტოქის კარი უკვე თავად სალაჰმა აიღო, რომელმაც ტიბო კურტუას შეცდომით ისარგებლა – ბელგიელმა მეკარემ თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად დაამუშავა. ამის შემდეგ მადრიდული „მანქანა“ მთელი სიმძლავრით ამოქმედდა და მეტოქე როგორც იტყვიან „წალეკა“.
21-ე წუთზე ქარიმ ბენზემას გადაცემით ერთი ბურთი ვინისიუს ჟუნიორმა გაქვითა. ბრაზილიელმა 36-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, როდესაც მეკარე ალისონი თავისი საჯარიმოდან ბურთს იგერიებდა და “რეალის” გარემარბს მოახვედრა – 2;2. 47-ე წუთზე ედერ მილიტაომ თავით „რეალი“ ლუკა მოდრიჩის მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გაკეთებული გადაცემის მერე დააწინაურა.
ამის შემდეგ ბენზემას დრო დადგა, რომელმაც ჯერ როდრიგოს გადაცემით 55-ე წუთზე ისარგებლა, ხოლო 67-ე წუთზე ფრანგმა უკვე ვინისიუს ჟუნიორის პასით გაიტანა.
ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-18 სეზონში გაიტანა და ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა.
„ლივერპულმა“ არსებობის ისტორიაში ევროთასებზე ჩატარებულ საშინაო მატჩში 5 გოლი პირველად გაუშვა. მეტიც, მანამდე თავის კარში 4 ბურთიც არ მიუღია.
სალაჰი 42 გოლით ევროთასებზე „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მან სტივენ ჯერარდის მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, მან 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც მანამდე ევროთასებზე მერსისაიდელთა არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
აფრიკელ ფეხბურთელებს შორის ეგვიპტელი სალაჰი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების (44) რაოდენობით „ჩელსის“ კოტსივუარელ ექსფორვარდ დიდიე დროგბას დაეწია.
„ლივერპულმა“ 21-ე საუკუნეში „ენფილდზე“ 5 გოლი პირველად გაუშვა – „რეალისგან“ და ორჯერ „არსენალისგან“.
1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში “რეალი” “ლივერპულს” 15 მარტს უმასპინძლებს.