„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთვის ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის დღესასწაულად დარჩება.
მან ამის შესახებ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალში დღეს ფრანკფურტის „აინტრახტთან“ სტუმრად გასამართი პირველი მატჩის წინ განაცხადა.
„ჩემს მოთამაშეებს კარგად ვიცნობ – როგორც სპორტსმენებს და როგორც კაცებს. ველოდები, რომ ისინი ასეთი დონის მატჩისთვის კარგად განეწყობიან.
ამ ტურნირში ქულათა მარაგი არ გვაქვს იტალიის ჩემპიონატისსგან განსხვავებით, მაგრამ სერია A-შიც თითოეულ შეხვედრას ისე განვიხილავთ თითქოს პლეი-ოფია.
ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა დღესასწაულად რჩება. ამას ვგრძნობდი როდესაც ეს გზა დავიწყეთ და ახლაც იმავეს ვგრძნობ როცა 1/8-ფინალში ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ამ მოგზაურობის თითოელი წამით დავტკბეთ და მის გაგრძელებას ვეცდებით“ – იუწყება სპალეტის ნათქვამს „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი.




