ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სტუმრად „დუნაისკა სტრედას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ვლადიმირ ვაისმა „სლოვანის“ სასტარტოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, გარემარბი გიორგი ჩაკვეტაძე და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა ათამაშა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ „სლოვანის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბლექმენმა ისარგებლა და ბურთი კარში გადაგზავნა.
მე-40 წუთზე „დუნაისკა სტრედა“ კაცნაკლული დარჩა, რადგან სტუმართა ფორვარდ აბუბაქარის წაქცევისთვის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო რისვანისი გააძევა.
67-ე წუთზე ჩაკვეტაძემ, რომელიც თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემით მეტოქის საჯარიმოში კუცკა მოძებნა, რომლის თავით დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ „სლოვანის“ ნახევარმცველმა ფეხით ზუსტად დაამატა.
ამის შემდეგ, ჩაკვეტაძემ კიდევ გაამწვავა ვითარება, როდესაც მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაექცა და საჯარიმოში ჩააწოდა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა თავით არაზუსტად დაარტყა.
კაშიამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო კანკავამ, რომელმაც 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დატოვა.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს და მეორეადგილოსან „დუნაისკა სტრედას“ 3 ქულით ასწრებს.





