სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესში, “ლეიკერსის” წინააღმდეგ ითამაშა და “მილუოკი ბაქსის” მორიგ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. ლეიკერსს ტრავმის გამო ლებრინ ჯეიმსი აკლდა და აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერს გახდა – 106:115.
ქართველმა ფორვარდმა 12:48 წუთი ითამაშა. მამუკელაშვილი მოედანზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა, როცა „ბაქსი“ 5 ქულით აგებდა. მან 6 ქულა 2-დან ერთი სამქულიანით, 2-დან ერთი ორქულიანითა და 2-დან ერთი საჯარიმოთი დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და ერთი ჩაჭრაა.
შეხვედრა მესამე მეოთხედამდე „ლეიკერსის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მესამე პერიოდი „ბაქსმა“ 15 ქულით მოიგო და ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 38 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა, მას ასევე 6 პასი ჰქონდა. ლოს-ანჯელესური კლუბიდან კი, ორმაგი დუბლი ენტონი დევისმა გაიფორმა – მის ანგარიშზე 23 ქულა და 16 მოხსნაა.
“მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მეცხრე მოგება მოიპოვა და ვისკონსინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ წინ „ბოსტონ სელტიკსია“, რომელსაც ერთი მოგებით მეტი აქვს მოპოვებული. მილუოკი შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.




