მამარდაშვილის საუცხოო თამაში “ვალენსიასთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა

0
8

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა „ჟირონასთან“ შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმე ეპიზოდიში სტუმრები გოლის გაშვებისგან გადაარჩინა, მაგრამ „ვალენსიამ“ მანამდე ჩატარებული ორი შეხვედრის მსგავსად გოლი ვერ გაიტანა, რის გამო, უქულოდ დარჩა.
„ჟირონას“ ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ალეიშ გარსიამ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია. ტაიმის შუაწელში ედინსონ კავანის საუცხოო პასის მერე, მუსა „ჟირონას“ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მასპინძლების მეკარეს ბურთი ვერ ააცილა.
34-ე წუთზე, ბორხა გარსიამ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი უკუაგდო. ამის შემდეგ, „ვალენსიას“ ჰქონდა ორი მომენტი, მაგრამ ჯერ მარცხენა ფლანგიდან ტონი ლატოს პასის შემდეგ ლინომ შორეულ ძელთან ბურთს ვერ მიასწრო, ხოლო მოგვაინებით კავანი ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა.
ტაიმის მიწურულს ბორხა გარსია „ვალენსიას“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და წესით გოლიც უნდა გაეტანა, მაგრამ ისევ მამარდაშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა.
64-ე წუთზე როდრიგო რიკელმემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და პასი ბორხა გარსიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – მამარდაშვილმა ამჯერად თანაგუნდელები ვერ იხსნა.
შეხვედრის მიწურულს ქართველმა მეკარემ ორჯერ „ჟირონას“ კაპიტანს და ვეტერან ურუგვაელ ფორვარდს სტუანის არ გაატანინა. მან ჯერ სტუანის თავურის მერე ბურთი კუთხურზე მოიგერია, ხოლო სტანდარტულის ჩაწოდებას ისევ ურუგვაელმა ითამაშა თავით და მამარდაშვილი ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
მატჩის ბოლოს „ვალენსიამ“ კუთხური ჩააწოდა და თანაგუნდელების დასახმარებლად მამარდაშვილიც ჩავიდა, მაგრამ ამაოდ. „ღამურებს“ წელს თამაში არ მოუგიათ და 20 ქულით მე-16 ადგილზე არიან – გასავარდნ ზონას ქულით ჩამორჩებიან.