„ჩელსიმ“ ენცო ფერნანდესი ინგლისისთვის სარეკორდო თანხად იყიდა

0
70

ლონდონის „ჩელსიმ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ ენცო ფერნადესი შეიძინა. ლონდონელებმა არგენტინის ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველში 121 მილიონი ევრო გადაიხადეს. ფერნანდესმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. ცნობისთვის, ლისაბონელებმა 2021 წელს ფერნანდესის სანაცვლოდ არგენტინის „რივერ პლეიტს“ 10 მილიონი ევრო გადაუხადეს. თუმცა, “ჩელსიში” ენცოს გადასვლის შემდეგ, არგენტინულ კლუბს 34 მილიონი ევრო შეხვდება.
121 მილიონი ევრო (დაახლოებით 105 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც კლუბს მოთამაშეში გადაუხდია. მანამდე, რეკორდული ტრანსფერი „მანჩესტერ სიტის“ მიერ „ასტონ ვილადან“ ჯეკ გრილიშის 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად ყიდვა იყო.
ფერნანდესი არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და ამ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელშიც 100 მილიონზე მეტი გადაიხადეს.
მას მერე, რაც ტოდ ბოული „ჩელსის“ მფლობელი გახდა, კლუბმა 16 ტრანსფერი განახორციელა და 600 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა.
ფერნანდესის ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებში მეექვსეა.
1. ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ.
2. კილიან მბაპე „მონაკოდან“ პსჟ-ში 180 მილიონი ევრო.
3. უსმან დემბელე დორტმუნდის „ბორუსიადან“ „ბარსელონაში“ 140 მილიონ ევროდ.
4, ფილიპე კოუტინიო „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 135 მილიონ ევროდ.
5. ჟოაო ფელიქსი „ბენფიკადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ 127,2 მილიონ ევროდ.
შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესმა არგენტინის ნაკრებთან ერთად კატარში გამართული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო.