„ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯენარო გატუზო დაითხოვეს.
ვალენსიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით კლუბსა და იტალიელ სპეციალისტს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. გატუზო გუნდს გასული წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, სტუმრად „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ გატუზო ტრიბუნაზე მყოფ „ვალენსიას“ გულშემატკივრებთან სასაუბროდ მივიდა, მაგრამ მხარეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. იტალიელის ფანებთან ჩხუბს ტელეარხ A Punt-ის ოპერატორი შეესწრო, რომელმაც მომხდარის გადაღება დაიწყო. ამის შემხედვარე გატუზომ კამერას ხელი ჰკრა და ჟურნალისტებს ჟესტით მიუთითა, რომ გადაღება შეეწყვიტა, მოგვაინებით კლუბმა და მწვრთნელმა ამ ინციდენტის გამო მოიბოდიშეს.
„ვალენსიამ“ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და მე-14 ადგილზეა.
