საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ბავშვთა აკადემიას გიორგი ტუღუში უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“დღეიდან, ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას გიორგი ტუღუში ჩაიბარებს, ხოლო მისი ასისტენტი არჩილ ჩხაბერიძე იქნება. ტუღუში პროლიცენზიის მქონე სპეციალისტია, რომელიც მწვრთნელთა განათლების კურსების ტუტორი გახლავთ, სადაც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ქართველ მწვრთნელებს უზიარებს. იგი წარსულში ხელმძღვანელობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიას და არაერთი წელი აქვს გატარებული ბავშვთა ფეხბურთში.
ეს უკანასკნელი ამ თანამდებობაზე, მასიმილიანო ფერარის ჩაანაცვლებს, რომელიც 2022 წლის სეზონში კურირებდა ტორპედოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. საფეხბურთო კლუბი „ქუთაისის ტორპედო“ მასიმილიანო ფერარის და მის თანაშემწეს, ირაკლი ბასილაძეს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში”.
