გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. თუ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მანამდე თავი კვიპროსის თასის შეხვედრაში გამოიჩინა, ამჯერად მეტოქის კარი ჩემპიონატში აიღო.
აპოელმა, სადაც ქვილითაიასტან ერთად მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდიან, მე-20 ტურში „აკრიტასი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მე-60 წუთზე აპოელის ფეხბურთელმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში მყოფი ქვილითაია შეეცადა ბურთისთვის მიმართულება ქუსლით შეეცვალა, რა დროსაც მასზე მცველმა იუხეშა. მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა გამოიყენა. მან ამ სეზონში კვიპროსის პირველობაზე 2 გოლი გაიტანა.
ქვილითაია 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალმა და დაუშვილმა სრულად ითამაშეს. აპოელი 46 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლარნაკას აეკ-ს ქულით ჩამორჩება.





