„არსენალმა“ ლიდერობა „იუნაიტედთან“ დრამატულ მატჩში გაიმყარა

0
19

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და დარამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც მარკუს რეშფრდმა ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
24-ე წუთზე ლონდონელების შეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან გრანიტ ჯაკას ჩაწოდების შემდეგ ნკეტიამ თავურით ანგარიში გააათანაბრა. 53-ე წუთზე საკამ საჯარიმოს გარედან „გაისროლა“ და შორეულ კუთხეში ბურთი ეფექტურად მოათავსა.
59-ე წუთზე მანჩესტერელთა კუთხურის შემდეგ, გამოსვლაზე მეკარე რამსდეილმა არადამაჯერებლად ითამაშა და ლისანდრო მარტინესმა ნახტომში თავით თანაფარდობა აღადგინა.
ამის შემდეგ, მიკელ არტეტას გაწვრთნილი „არსენალი“ ძალიან დიდ უპირატესობას დაეუფლა და ბოლო 10 წუთი სტუმრები ფაქტობრივად მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. 90-ე წუთზე „მეთოფეებიდან“ თავი ნკეტიამ გამოიჩინა, ხოლო მსაჯმა გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ჩათვალა.
„არსენალს“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 13 თამაშია არ წაუგია – 11 გამარჯვება და 2 ფრე. ლონდონელებს შინ “იუნაიტედთან” 4 წელიწადია არ წაუგიათ – 4 გამარჯვება და ერთი ყაიმი.
ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით მიჯრით 9 მოგების შემდეგ, „მანჩესტერმა“ ბოლო 2 შეხვედრიდან ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.
„არენალი“ 50 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და 5 ქულით ასწრებს „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც ერთი თამაშით მეტი აქვს.
“არსენალი” პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-4 კლუბია, რომელმაც 19 მატჩის შემდეგ 50 ან მეტი ქულა დააგროვა.მანამდე, იმავე “ჩელსიმ”, “სიტიმ” და 2-ჯერ “ლივერპულმა” მოახერხეს.