„იუვენტუსი“ სკანდალში გაეხვა – ტურინელებს 15 ქულა დააკლეს

0
32

ტურინის „იუვენტუსი“ ფინანსური მაქინაციების გამო დასაჯეს და იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც კლუბის დასჯას კაპიტალის ფიქტიური გაზრდისთვის ითხოვდა. ცნობისთვის, პროკურორი 9 ქულის დაკლებას ითხოვდა, მაგრამ ფედერაციის ვერდიქტი უფრო მკაცრი აღმოჩნდა.
ამ საქმეში სხვა კლუბებიც ფიგურირებდნენ: „სამპდორია“, „პრო ვერჩელი“, „ჯენოა“, „პარმა“, „პიზა“, „ემპოლი“, „ნოვარა“ და „პესკარა“, რომლებიც იტალიის ფედერაციის სასამართლომ გაამართლა.
ახლა „იუვენტუსი“ 22 ქულით მე-10 ადგილზეა და მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობოსთვის ბრძოლა დასრულდა. ტურინელები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის შეტანას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ მოთამაშეთა სატრანსფერო ფასის ხელოვნურად გაზრდას აბრალებენ. გარდა ამისა, ტურინელებს ხარჯების ხელოვნურად შემცირებაში და ფეხბურთელების რეალური ხელფასების დამალვაში ადანაშაულებენ.
კლუბისთვის ქულების დაკლების გარდა, ტურინელთა ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯეს. „იუვეს“ ექსპრეზიდენტ ანდრეა ანიელის და ყოფილ გენერალურ დირექტორ მაურიციო არივაბენეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ფეხბურთს 8 თვით ჩამოაშორეს, ხოლო „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ორწელიწადნახევრითაა დისკვალიფიცირებული.
„იუვეს“ მოქმედ სპორტულ დირექტორი ფედერიკო ქერუბინის წელიწადი და 4 თვე დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს.

გოჩა კაჭარავა