გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში აპოელის მაისურით თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
კვიპროსის თასის 1/8-ფინალში „აპოელმა“ შინ ლიმასოლის „არისი“ 4:2 დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიქოზიელთა კაპიტნის სამკლავურით ჯერჯერობით სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
მასპინძლებში სამივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – ქვილითაიას მსგავსად მოედანზე პირველი წუთიდან მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი იყვნენ.
სტუმრები მე-18 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც სტეპინსკიმ მარცხენა ფლანგიდან ისეთი სისწრაფით გაიქცა, რომ დაუშვილი ვერ დაეწია და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. „არისს“ პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდა შეეძლო, როცა დვალის ბურთის მოგერიების დროს შეცდა და ნიქოზიელთა გოლკიპერთან მარტო დარჩენილმა სტუმართა ფორვარდმა ვერ გაიტანა.
27-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ქვილითაიამ მეტოქის საჯარიმოში მცველს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. 10 წუთში პარტნიორისგან პასის მიღების მერე, ლიმასოლელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ქვილითაია ერთ მცველს გაექცა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1. მან მეორე გოლის გატანის შემდეგ მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო.
39-ე წუთზე ქვილითაიამ საუცხოო პასით სტუმრების მეკარეს დალციო შეატოვა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 3:1. 82-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა სამ ბურთამდე ეგრემმა გაზრდა. „არისმა“ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.
ქვილითაია 68-ე წუთზე შეცვალეს, დაუშვილი 87-ეზე, ხოლო დვალმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.







