კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ იფრინა – გოლი და ორი საგოლე პასი

0
30

ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ მატჩში ყველა იმ სკეპტიკოსს გასცა პასუხი, რომლებიც იტალიის სერია A-ს განახლების შემდეგ მას აკრიტიკებდნენ.
მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ ტურინელებს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა, ხოლო კვარაცხელიამ მეტოქის კარის აღების გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა და კიდევ ერთ გოლში დიდი წვლილი დაიდო.
მე-14 წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მყოფმა  საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა „მაკრატელა“ დაარტყა და შჩესნიმ ბურთი მოიგერია, მაგრამ  ოსიმენმა ახლო მანძილიდან თავით დაამატა.
39-ე წუთზე ოსიმენმა „იუვეს“ მცველს ორთაბრძოლა მოუგო და პასი საჯარიმოში გახსნილ კვარაცხელიას მისცა, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 2:0.
ტაიმის მიწურულს ანხელ დი მარიამ თავისი წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მარჯვენა ფლანგიდან კუთხურის შესრულების დროს კვარაცხელიამ ზუსტი პასი გაუკეთა შეტევაში ჩართულ მცველ რაჰმანის, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 3:1.
ამის შემდეგ. კვარაცხელიამ ტურინელთა მცველი მისსავე ნახევარზე „მიაპრესინგა“ და ბურთი დააკარგვინა, რომელსაც ოსიმენი დაეუფლა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
65-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაექცა და ცენტრისკენ შეწეულმა უზუსტესი პასით ბურთი თავზე დაასვა სტუმართა კარის წინ გახსნილ ოსიმენს, რომელმაც შჩესნის კარი აიღო – 4:1.
72-ე წუთზე დი ლორენცოს გადაცემის შემდეგ, ელმასმა ცრუ მოძრაობით „იუვენტუსის“ საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 5:1.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ის მხოლოდ ოსიმენს ჩამორჩება – 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. ხვიჩამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, 12 საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.
“იუვენტუსმა” 5 გოლი სერია A-ში 1993 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ, ტურინელებმა “პესკარასთან” 1:5 წააგეს და მეტოქიდან ერთი გოლი “იუვეს” ამჟამინდელმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გაიტანა.
“ნაპოლიმ” არსებობის ისტორიაში “იუვენტუსს” იტალიის ჩემპიონატში 5 გოლი მეორედ გაუტანა – პირველად ეს 1998 წელს მოხდა, როდესაც ნეაპოლელებმა 5:3 მოიგეს.
ნეაპოლელებს “იუვეს” ბოლო 3 შეხვედრიდან 2 მოუგეს და ერთხელ მეტოქეები ფრეზე გაიყარნენ.
„ნაპოლის“ 47 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს – „იუვენტუსსა“ და „მილანს“ 10 ქულით ასწრებს.