
ზლატკო დალიჩს მიაჩნია, რომ იტალიელ მსაჯ დანიელე ორსატოს ხორვატიის ნაკრების კარში პენალტი არ უნდა დაენიშნა. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან 0:3 მარცხის შემდეგ განაცხადა.
„არგენტინას ფინალში გასვლას ვულოცავ. ჩემს ბიჭებს არაფერში ვადანაშაულებ. საწყისი ნახევარი საათის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ზოგჯერ გიმართლებს და ზოგჯერ – პირიქით. ბიჭები იმას აპროტესტებდნენ, რომ კუთხური არ დაინიშნა და მაშინვე შეტევა გაუშვეს, რომლის შემდეგ პენალტი დაინიშნა. თუმცა, თამაში წავაგეთ და საწუწუნო არაფერი მაქვს. უნდა მოვემზადოთ მატჩისთვის, რომელიც დაგვრჩა.
ჩვენ კარგ მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მოქმედებაში კონკრეტიკა არ გვყოფნიდა. ნამდვილი ფორვარდი დაგვაკლდა. ჩემი აზრით პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის სხვა რა უნდა გაეკეთებინა? სად უნდა წასულიყო? თუ ვინმემ იცის რაღაც ახალი წესი, მაშინ მის შესახებ ჩვენთვის უნდა ეთქვათ“ – იუწყება დალიჩის ნათქვამს ხორვატული მედია.



