კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა „გაგრამ“ პლეი-აუტის პირველი შეხვედრა რანგით მეორე ლიგაში მე-2 ადგილზე გასულ თბილისის „სპაერთან“ ჩაატარა და გაიმარჯვა.
გაგა კირკიტაძის გაწვრთნილებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და საპასუხო მატჩის წინ კარგი ჰანდიკაპი შეიქმნეს.
თამაშის მე-8 წუთზე „გაგრამ“ „ჯარიმა“ ძალიან კარგად გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში გუნდის კაპიტანმა გიორგი ქობულაძემ თავით პასი ლუკა ნოზაძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად ზუსტად დაარტყა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანშო „სპაერის“ თავდამსხმელი კობა ქებურია მასპინძლების საჯარმოში ნიკა ჭანტურიასთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა. ერთი შეხედვით „გაგრას“ მცველმა თამაშის წესი დაარღვია, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა.
63-ე წუთზე, გაგრელთა შეტევის დროს ქობულაძემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა „სპაერის“ საჯარიმოში გახსნილ თამაზ მაქაცარიას, რომელმაც თავით გაიტანა – 2:0.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 დეკემბერს „სპაერის“ სტადიონზე ჩატარდება.





