პორტუგალიამ შვეიცარიას გადაურბინა – რამოშის ისტორიული ჰეთ-თრიქი

0
53
Portugal's forward #26 Goncalo Ramos (C) celebrates with Portugal's forward #11 Joao Felix (2ndL) after he scored his team's fifth goal during the Qatar 2022 World Cup round of 16 football match between Portugal and Switzerland at Lusail Stadium in Lusail, north of Doha on December 6, 2022. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში „კერკეტ კაკალად“ წოდებულ შვეიცარიას ისეთი დღე აყარა, რომ ამ უკანასნელის თავკაცი მურატ იაკონი ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა.
მატჩის გმირი „ბენფიკას“ 21 წლის თავდამსხმელი გონსალუ რამოში გახდა, რომელიც ფერნანდუ სანტუშმა სასტარტო შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს მაგივრად დააყენა.
ცნობისთვის, რონალდუ 2008 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების სასტარტოში ვერ მოხვდა.
მე-17 წუთზე ანგარიში სწორედ რამოშმა გახსნა, რომელმაც ჟოაო ფელიქსის გადაცემის შემდეგ შვეიცარიელთა საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით იან ზომერს ახლო „ცხრიანში“ გაუტანა.
33-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბრუნუ ფერნანდეშმა კუთხური ჩააწოდა და პეპემ პორტუგალიელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 51-ე წუთზე მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი დალოს გადაცემის მერე, რამოშმა დუბლი შეასრულა. 55-ე წუთზე პორტუგალიის საუცხოო კონტრშეტევა რამოშის გადაცემით და იან ზომერთან პირისპირ დარჩენილი რაფაელ გერეიროს ზუსტი დარტყმით დასრულდა. 58-ე წუთზ შვეიცარიამ კუთხური ჩააწოდა და პორტუგალიელი მცველის თავიდან ბურთი კარის შორეულ ძელთან მყოფ აკანჯის მიუვიდა, რომელმაც ანგარიში შეამცირა.
67-ე წუთზე რამოშმა უკვე ჟოაო ფელიქსის პასით ისარგებლა და ჰეთ-თრიქი მიითვალა. ის მიმდინარე ტურნირზე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, რამოში მეორე პორტუგალიელია, ვინც თავის ანგარიშზე მუნდიალის პლეი-ოფში 3 ან მეტი გოლი ჩაიწერა – პირველი ლეგენდარული ეუსებიო იყო, ვის ანგარიშზეც 1966 წელს ინგლისის მსოფლიო პირველობაზე ჩრდილოეთ კორეასთან (5:3) 4 გოლია. ამასთანავე, რამოში მეოთხე პორტუგალიელია ვისაც საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰეთ-თრიქი შეუსრულებია. მანამდე, იმავე ეუსებიომ, პედრო პაულეტამ და კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს.
რამოში 21 წლის 169 დღის ასაკში ბოლო 60 წლის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ჰეთ-თრიქი შეუსრულებია. მანამდე, თავი 17 წლის პელემ, 19 წლის გერმანელმა ედმუნჟ კონენმა, 20 წლის ამერიკელმა ბერტ პეტნოუდმა და უნგრელმა ფლირიან ალბერტმა გამოიჩინეს.
რონალდუ თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა, ხოლო წერტილი რაფაელ ლეომ დასვა, რომელმაც 92-ე წუთზე ეფექტური ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – 6:1.
პორტუგალიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მესამედ გავიდა და 10 დეკემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.