1/8-ფინალში არგენტინა ავსტრალიას ეთამაშება, საფრანგეთი პოლონეთს

0
59

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლეო მესის კაპიტნობით C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დასკვნით ტურში არგენტინელებს ტოტალური უპირატესობა ჰქონდათ პოლონეთთან და 2:0 გაიმარჯვეს. შეხვედრის 39-ე წუთზე მაღალ ბურთზე ორთაბრძოლის დროს პოლონელთა მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ თავის საჯარიმოში ხელი სახეში ლეო მესის მოარტყა და ეს უკანასკნელი წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. მესიმ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და შჩესნიმ ბურთი მოიგერია. ლეომ პენალტი ზედიზედ მეორე მუნდიალზე გააფუჭა. მან 4 წლის წინ რუსეთში ისლანდიასაც ვერ გაუტანა – მაშინაც ბურთი მეკარემ უკუაგდო. მესიმ არგენტინელთა მაისურით ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში გოლი პირველად ვერ გაიტანა. შჩესნიმ ამ ტურნირზე მეორე პენალტი მოიგერია. ამ მაჩვენებლით ის თანამემამულე იან ტომაშევსკის (1974) და ამერიკელ ბობ ფრიდელს (2002) გაუტოლდა. შჩესნი მუნდიალების ისტორიააში მეორე მეკარეა, რომლის გამო დანიშნული პენალტი თავად მოიგერია. პირველი ფრანგი ჟოელ ბატსი იყო 1986 წელს ბრაზილიასთან 1/4-ფინალში.
მეორე ტაიმის სტარტზე მოლინა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი მაკალისტერს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. 67-ე წუთზე ენცო ფერნანდესის კარგი გადაცემის შემდეგ, ხულიან ალვარესმა საჯარიმოში ბურთი მიიღო, გაისწორა და „ცხრიანში“ აუღებლად დაარტყა – 2:0. არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მიჯრით მეხუთედ გავიდა.
პოლონეთის ნაკრებმა მართალია წააგო, მაგრამ გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით მექსიკას აჯობა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში საუდის არაბეთს 2:1 მოუგო და ასევე 4 ქულა დააგროვა. ამრიგად, პოლონელები 1986 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის პლეი-ოფში გავიდნენ.
საუდის არაბეთი – მექსიკის დაპირისპირებას რაც შეეხება, მარტინმა ანგარიში 47-ე წუთზე გახსნა, ხოლო 5 წუთში ჩავესმა საჯარიმო დარტყმიდან ლაამზი გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე არაბებიდან ერთი საპასუხო ბურთი დავსარიმ მიითვალა. მექსიკა ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და 1990 წლის შემდეგ პლეი-ოფში პირველად ვერ ითამაშებს. მაშინ, მექსიკელები ტურნირზე არ დაშვეს. საუდის არაბეთმა 3 ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა. ცნობისთვის საუდის არაბეთის ფეხბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე 14 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა.
არგენტინა 1/8-ფინალში ავსტრალიას შეხვდება, ხოლო პოლონეთი – საფრანგეთს.