პორტუგალიის ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური H ჯგუფში პორტუგალია ურუგვაის დაპირისპირებით დასრულდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის ბრუნუ ფერნანდეშის ბენეფისად იქცა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა. 54-ე წუთზე პორტუგალიელთა შეტევის დროს ბრუნუ ფერნადეშმა მეტოქის კარის წინ გახსნილი კრიშტიანუ რონალდუ მოძებნა, რომელმაც თითქოს თავი ბურთს შეახო და ანგარიში გაიხსნა. თავდაპირველად გოლი პორტუგალიელთა კაპიტანს ჩაუთვალეს, მაგრამ გადამოწმების შემდეგ მის ავტორად ფერნანდეში დაასახელეს.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ფერნანდეში ურუგვაელთა საჯარიმოში გახსნილ თანაგუნდელს პასს აძლევდა და ბურთი ფეხებს შორის მეტოქის მცველს გაუძვრინა, რომელმაც წაქცეულმა მას ხელი შეახო. მსაჯმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ფერნადეშმა გოლად აქცია. იმ დროისთვის რონალდუ მოედანზე უკვე არ იყო. ფერნანდეშმა მუნდიალზე ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. პორტუგალიამ 2006 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ 2 თამაში პირველად მოიგო. პორტუგალია რონალდუსთან ერთად ბოლო 5 მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფში 4-ჯერ გავიდა, ხოლო 1.8-ფინალს მხოლოდ 2006 წელს გაცდა, როდესაც საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა.





