გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „მეცთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა და ფრანგულ კლუბში 2026 წლის ივნისამდე დარჩება.
მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, ის „მეცის“ ახალგაზრდულ გუნდში 2017 წელს გადავიდა, ხოლო 2019 წელს პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
ქართველმა ფეხბურთელმა 2020-2022 წლების სეზონები ბელგიის „სერენში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში 57-ჯერ ითამაშა და 36 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძე მიმდინარე სეზონის წინ „მეცში“ დაბრუნდა და ლიგა 2-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, საფრანგეთის თასზე კი 1 თამაშში 1 გოლი მიითვალა. გარდა ამისა, მან ყველა ტურნირში 5 საგოლე პასი გააკეთა.





