საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „მილანის“ ექსმცველი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „როსონერის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდებოდა. მან ამის შესახებ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ისაუბრა.
„მილანის“ შარშან შევთავაზე, რომ კვარაცხელის შეძენის შესაძლებლობა განეხილა. თუმცა, პარალელურად საუბარი „ნაპოლის“ ხელმძღვანელებთან მიდიოდა. რა თქმა უნდა, ჯენრო გატუზოს ველაპარაკე, რომელიც მაშინ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი იყო და ასევე კონტაქტი კლუბის სპორტულ დირექტორთან მქონდა. „ნაპოლიმ“ ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღო. „მილანში“ კი თქვეს, რომ მას დააკვირდებოდნენ. ჩემთვის ეს გასაგებია, რადგან რთული გადაიხადო ამხელა თანხა მოთამაშეშიი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს, თუმცა, ხვიჩა ძალიან პერსპექტიულია. მას ყველა მონაცემი აქვს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ კვარაცხელია „მილანის“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდებოდა, მაგრამ კლუბის პოზიციისაც მესმის. მილანელებს ამ პოზიციაზე რაფაელ ლეაო ჰყავთ. „ნაპოლი“ ყოჩაღ. დარმუნებული ვარ, რომ ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ძალიან ბედნიერი არიან“ – აღნიშნა კალაძემ.
კვარაცხელია „ნაპოლიმ“ ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ფორვარდმა ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





