საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მესამე ამხანაგური შეხვედრა წააგო. პორტუგალიასთან (1:4) და თურქეთთან (0:1) სტუმრად დამარცხების შემდეგ, ამჯერად რამაზ სვანაძის გუნდი გორში ისრაელის ახალგაზრდულს ვერ გაუმკლავდა. მანამდე, ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და თითოჯერ მოიგეს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა – თუ შესვენებამდე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მეორე 45 წუთში ისრაელმა თამაშის სადავეები ხელში სრულად აიღო და ლუკა კუტალაძეს რომ არ ეყოჩაღა, სტუმრებს შესაძლო გაცილებით დიდი სხვაობით მოეგოთ. ფაქტია, რომ საქართველოს 21-წლამდელებს სამუშაო ბევრი აქვთ.
28-ე წუთზე ომრი განდელმანმა თავის საჯარიმოში ხელი ჰკრა ბურთის დასაუფლებლად ამხტარ გიორგი გაგუას, რომელიც დაეცა და მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა. გუნდის კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და გვერდით ძელს მოხვდა ბურთი, რომელიც გაგუას მიუვიდა, ხოლო მისი დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ებრაელმა ფეხბურთელმა საჯარიმოში ჩააწოდა და მასპინძელთა მცველის თავიდან ბურთი ილაი ჰაჯაჯს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეუჩერებლად დაარტყა, მაგრამ ცოტნე კაპანაძემ ფეხის დახვედრება მოასწრო, რასაც კუთხური მოჰყვა.
მატჩის მეორე ნახევარი ისრაელმა ძალია აქტიურად დაიწყო, მეტოქეს მააღალი პრესინგი შესთავაზა და საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად ცენტრს ვერ ცდებოდა. სტუმართა აქტიურობა თავისი შედეგი გამოიღო – 49-ე წუთზე ხურიმ „ჯარიმის“ შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას ლემკინმა აჯობა და თავური დარტყმით გაიტანა – 0:1.
55-ე წუთზე ებრაელ ახალგაზრდებს ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ რამდენიმე სვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით ვერ დაასრულეს – კუტალაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების მერე, მასპინძლების დაცვა „ჩავარდა“, ხოლო ბარიმ ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, მეორეთი კარში გაგზავნა – 0:2.
ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად, ისრაელს ტემპი არ დაუგდია, ტაიმის შუაწელში სტუმრებს დაწინაურება კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ჯაბერის სახიფათოდ დარტყმული ბურთი კუტალაძე, უკუაგდო. ამას ებრაელების კიდევ ორი სახიფათო იერიში მოჰყვა, რომლებიც მასპინძლების საბედნიერო სუსტი დარტყმით დასრულდა და კუტალაძეს ბურთი ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია.
შემდეგ შაჰარი გააქტიურდა, რომელიც საქართველოს ნაკრების კარს ზედიზე 3-ჯერ დაემუქრა – პირველ შემთხვევაში ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა, ორჯერ კი კუტალაძემ ივარგა.
73-ე წუთზე ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთბაშად 6 ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად ანგარიშის შენარჩუნება არ გაჭირვებია. 78-ე წუთზე თანაგუნდელის პასის მერე მაცალმა ახლო მანძილიდან, თუმცა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. 82-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
84-ე წუთზე, თავისი ნახევრიდან ივა გელაშვილის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოსულ სტუმართა მეკარეს თავს ზემოთ გადაცდა და ნიკა ხორხელმა ახალგაზრდულში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს ქართველი და ებრაელი ფეხბურთელები შეკამათდნენ, მაგრამ კონფლიქტს სერიოზული სახე არ მიუღია,
საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელია, მომდევნო ამხანაგურ თამაშს 21 ნოემბერს უკრაინასთან ჩაატარებს. სამწუხაროდ, განვლილი შეხვედრა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა და კარგი იქნება თუ მომდევნო სპარინგს ქართველი ახალგაზრდები სხვა სტადიონზე ჩაატარებენ, სადაც უფრო მეტი გულშემატკივარი მივა.
საქართველო – ისრაელი 1:2 (0:0)
16 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ისრაელი: ნირონი (გლიკლინი, 73), ჯაბერი (ჰალაფი, 73), კოენი, განდელმანი (მელამუდი, 73), ლემკინი (გოტლივი, 73), ბარი (ბლორიანი, 73), ნოე (ხური, 73), ჰოფმაისტერი, ჰაჯაჯი (მუციემ 73), შაჰარი (მალატა, 73), ბოგანიმი (მაცალი, 46).
მთავარი მწვრთნელი: გაი ლუზონი.
გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84).
28-ე წუთზე გულიაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: ჯაბერი (27), ოსიყმაშვილი (48), სიგუა (64), ბარი (64), სიგუა (82), ხური (90), ჰოფმაისტერი (90+6).
გაძევება: სიგუა (82).
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.





