დასანანი მარცხი დრამატულ, თვალსასეირო მატჩში…

0
48

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მორიგი მატჩი იტალიასთან ჩაატარა და 84:85 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელებს აპენინელებთან თერთმეტივე წინა თამაში წაგებული ჰქონდათ და ჩვენებმა ნავსი ვერც ამჯერად გატეხეს. შედეგად, იტალია მსოფლიოს პირველობაზე გავიდა, საქართველოს კი მთავარი ბრძოლები ჯერაც წინ ელის.
ჯანმარკო პოცეკოს გუნდი პირველ ტაიმში თითქმის ყოველთვის წინ იყო ანგარიშში და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მესამე პერიოდის შუაწელიდან საქართველომ ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო და დაწინაურებაც მოახერხა. ილიას ზუროსის გუნდი იგებდა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრეც, თან 5 ქულით, მაგრამ იტალიელებმა ამის შემდეგ შეტევაშიც კარგად ითამაშეს და დაცვაშიც. გარდამტეხი კი საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ჯამპაოლო რიჩის 3-ქულიანი იყო, რითაც იტალია 5 ქულით დაწინაურდა.
საქართველომ თამაშის დაძაბვა მაინც მოახერხა: იტალია 85:79-ს იგებდა, როდესაც თორნიკე შენგელიამ 2 ქულა მიითვალა, რასაც იტალიელების უმალ დაკარგული ბურთი მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილმა 3-ქულიანი ჩააგდო, რითაც ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შემცირდა (84:85). შემდეგ საქართველომ ტაქტიკური ჯარიმა აიღო და ალესანდრო პაიოლამ ორივე საჯარიმო ააცილა. ზუროსის გუნდს შესატევად 6 წამი ჰქონდა, თუმცა თორნიკე შენგელია სროლა ვერ მოასწრო და თამაში დასრულდა – საქართველომ დრამატულ ბრძოლაში 84:85 წააგო.


ესპანეთმა და იტალიამ 6-6 გამარჯვებით მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს, საქართველოსა და ისლანდიას 4-4 მოგება აქვთ, შემდეგ კი, უკრაინა (3) და ნიდერლანდები (მოგების გარეშე) მოდიან. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა, ამდენად, მთავარი ბრძოლები გაისად ჩატარდება.
ილიას ზუროსის შეგირდები გაისად 23 თებერვალს ჯგუფის აუტსაიდერ ნიდერლანდებს ესტუმრებიან, 26-ში კი თბილისში ისლანდიასთან მატჩია დაგეგმილი. მიიღებს თუ არა საქართველო ისტორიულ საგზურს, დიდი ალბათობით, სწორედ ბოლო შეხვედრაში გადაწყდება.

საქართველო – იტალია 84:85 (19:24, 21:19, 18:17, 26:25) 

საქართველო: თად მაკფადენი (37 წ. 13 ქ. 5 მ. 2 პ. 2 დ), დუდა სანაძე (33 წ. 14 ქ. 4 მ. 3 პ. 3 ჩ. 1დ), თორნიკე შენგელია (34 წ. 15 ქ. 4 მ. 6 პ. 1 დ), გიორგი შერმადინი (30 წ. 14 ქ. 9 მ. 2 პ. 1 დ), გიორგი ცინცაძე (24 წ. 11 ქ. 2 პ), რატი ანდრონიკაშვილი (16 წთ. 4 ქ. 3 მ. 3 ჩ), მიხეილ ბერიშვილი (13 წ. 11 ქ.), ბექა ბექაური (6 წ. 2 ქ. 2 მ), კახა ჯინჭარაძე (9 წ. 1 მ. 1 დ).