საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ისევ ყაზახეთში იმუშავებს. მან აქტაუს „კასპიი“ ჩაიბარა, რომელმაც აწ უკვე დასრულებულ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა. მან ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცხადაძემ მიმდინარე წელი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის რანგში დაიწყო, მაგრამ 19 ივნისს თანამდებობიდან დაითხოვეს.
მისთვის ყაზახეთში მუშაობა უცხო არაა, რადგან მანამდე ალმათის „ქაირათს“ (2016 წლის აპრილი – 2017 წლის ივლისი) და „ორდაბასის“ (2018 წლის ივნისი – 2020 წლის დეკემბერი) ავარჯიშებდა.
ცხადაძე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „ლოკომოტივს“, ბოლნისის „სიონს“, ბაქოს „სტანდარდს“, ბაქოს „ინტერს“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა.





