“ბორჯღალოსნები” სამოასთან დამარცხდნენ

0
54

ბორჯღალოსნებმა და მანუ სამოამ „დინამო არენაზე“ შეკრებილ 35 ათას მაყურებელს დიდი ბრძოლა შესთავაზეს. ეს იყო ორი თანაბარი, ღირსეული მეტოქის ომი, რომლის ბედი რაგბის ღმერთმა მატჩის მიწურულს სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა – 19:20.

უაღრესად დაძაბულ მატჩში გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. მოედანზე გასულ არცერთ მორაგბეს თავი არ დაუზოგავს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა. ეს იყო ტიტანების ფიზიკური ჯახი და თედო აბჟანდაძეს გაფუჭებული ჯარიმებიდან და გარდასახვიდან თუნდაც ერთი რომ გამოეყენებინა, შედეგი სხვაგვარი იქნებოდა. შესაძლოა, მან გამარჯვების დარტყმა შეასრულა კიდეც, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.

ავსტრალიელმა რეფერიმ დეიმონ მერფიმ, რომელმაც შარშან ნოემბერში საფრანგეთთან ტესტი იმსაჯა, რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მისი მსაჯობით შარშანაც უკმაყოფილო იყო და დღესაც რამდენჯერმე მოუწია მასთან პოლემიკაში შესვლა, ნამატჩევს კი განაცხადა – „მე არ ვიცი როგორ უნდა მოვიგოთ ასეთი თამაშები მსაჯიანად. ალბათ ეს შეუძლებელია“.

მთლიანობაში, სამოასთან ჯახი თვალსასეირო საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო სახიფათო კონტაქტები, რის გამოც საქმეში ვიდეო-რეფერი ერეოდა და ეს მთლიანობაში სათამაშო ტემპს აგდებდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ასეთი ახლო თამაშები უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე იოლი გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან, მანამდე კი, საქართველოს ერთ კვირაში მორიგი დიდი გამოცდა ელის, ამჯერად კარდიფში, „პრინციფალითიზე“ უელსთან.

სიფრთხილის ზღვარზე

ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ სამოამ ტრადიციული ცეკვა, სივა ტაუ შეასრულა, რასაც „დინამო არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი პატივისცემით შეხვდა, რაც ჩვენი, როგორც სარაგბო ერის კულტურის ამაღლებაზე მეტყველებს. სივა ტაუს დროს ბორჯღალოსნები ისე განლაგდნენ, რომ ზედხედიდან ჯვარი გამოისახა.

თამაში ორივე გუნდმა მაქსიმალური სიფრთხილით დაიწყო, ხშირი იყო შეცდომები და ფაზების აკინძვა ვერ ხერხდებოდა. თავიდან ინიციატივას სამოა დაეუფლა, მე-9 წუთზე დანკან პაია’აუამ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. თედო აბჟანდაძემ მეტოქეს 3 წუთში, ცენტრიდან უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრა რომ განახლდა ბურთის აღებისას შევცდით, ტამუა მანუ ფრთაზე გაიქცა, ბურთი ფეხით ლელოში შეაცურა, ის დავით ნინიაშვილმა აიტაცა და სიტუაცია განმუხტა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, უბურთო მანუზე ხელისკვრა დააფიქსირა და ქართველი მორაგბე სინბინით დაისაჯა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლეს, ფორვარდების დარტყმებს ბორჯღალოსნები წინ აღუდგნენ, მაგრამ მერე მოკლე ფრთაზე გაიშალა შეტევა და მანუმ ლელოს გატანა მაინც მოახერხა. გარდასახვა ზუსტი იყო.

ტაიმის შუაში დავით ნინიაშვილმა საკუთარი ნახევრიდან, 54 მეტრიდან სცადა ჯარიმის გატანა – მიზანი ვერ გაისწორა. ნელ-ნელა საქართველომ შეძლო თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება. გურამ გოგიჩაშვილს ლემი რომ ეუხეშა, ყვითელი ბარათის გამოყენებაც შეიძლებოდა, თუმცა მხოლოდ ჯარიმა გვერგო და აბჟანდაძემ ის 3 ქულად აქცია. თედოს 34-ე წუთზე შეეძლო სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა – 6:10.

უკეთესი მეორე ტაიმი

მეორე ტაიმში საქართველომ უკეთესი თამაში აჩვენა. შეცდომებმა იკლო, რასაც ფაზების აკინძვა მოყვა და ლამაზი ლელოებიც გავიტანეთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს სამოას ძლიერი თამაშიც. მათ დაცვაში რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშეს და უკანაც დაგვახევინეს, თუმცა მთლიანობაში მასპინძლები მრისხანე მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ.

თავიდან ჯარიმა კვლავ სამოელებმა გაიტანეს და 7 ქულით დაწინაურდნენ. საპასუხოდ, საქართველომ საკუთარი 22-იდან ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყო და დაახლოებით 70 მეტრი მოიგო. ბურთით ხელში კარგად იარეს დემე თაფლაძემ და სანდრო თოდუამ. სამოა საკუთარ 22-ში დაჯარიმდა და მოლის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერიმ მანამდე ბლოკი შენიშნა და 5 ქულა გაგვიუქმა.

ამან ბორჯღალოსნები კიდევ უფრო გაახელა, მორკინალების თავგანწირული დარტყმების შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და აკა ტაბუცაძე ლელოში მარჯვენა ალამთან შეფრინდა. გარდასახვა არაზუსტი იყო. მასპინძლებმა წნეხი გააძლიერეს და მეტოქე საკუთარ 22-ში გამოკეტეს, მაგრამ წინსვლა ვერ ხერხდებოდა და აბჟანდაძემ არეკნით სცადა ბედი – ისევ არ გაუმართლა. ერთ წუთში ტაბუცაძემ 10-მეტრიან წყვეტილთან სუფთად გაჭრა ხაზი და კარის წინ 22-ში შევიდა. ბოჭვისას მეტოქემ მას თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა და ტვინის შერყევის ვარაუდით, ის შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა იმ ეპიზოდში იერიში ფორვარდების დარტყმით გაგრძელდა და ზედ კარის წინ, ლელოდან 1 მეტრში ავსტრალიელმა რეფერიმ რაქში წინ თამაში დააფიქსირა.

68-ე წუთზე საქართველო დაწინაურდა. შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა, აბჟანდაძემ საკუთარი ნახევრიდან ბურთი 5-მეტრიან დერეფანში გადაგზავნა, მოლს სანდრო ქუნთელია მოწყდა, რომელიც ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა და შეცვლაზე შესვლიდან 5 წუთში ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლებმა იერიშები გააგრძელეს, პაია’აუამ უბურთო თოდუაზე უხეშად ითამაშა და წითელი ბარათით დაისაჯა, აბჟანდაძემ კი ჯარიმა გაიტანა და საქართველო 6 ქულით დაწინაურდა.

აქ თითქოს თამაშის ბედი გადაწყდა, მაგრამ მასპინძლებს წამიერი მოდუნება ძვირად დაუჯდათ. 75-ე წუთზე, 22-ის ხაზთან შეტევისას, ლეიუამ ბურთი ფეხით მოკლეზე გადაკიდა, ის მანუს ხელებში აღმოჩნდა და ძელებსშუა გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ბორჯღალოსნებმა ძალები მოიკრიბეს და დარჩენილი დრო შეტევაში გაატარეს. მათ მეტოქის ნახევარზეც შეძლეს გადასვლა და კარის წინ 35 მეტრში, ჯარიმის იმედად ფორვარდებით მიეძალნენ, მაგრამ რაქში სამოელზე წინ თამაში დაფიქსირდა და შარიქაძის პროტესტის მიუხედავად, რეფერიმ შეხვედრა დაასრულა – 19:20.

12 ნოემბერი. თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – სამოა 19:20
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია; 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. თორნიკე ჯალაღონია; 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.

2 ლელო: ტაბუცაძე, ქუნთელია

3 ჯარიმა: აბჟანდაძე