ბათუმელებმა პირველობის დაბრუნების შანსი დაკარგეს – “სამგურალი” სამეულშია

0
25

ბათუმის „დინამომ“ გუშინ თბილისელი თანამსახელეების შინ „თელავთან“ წაფორხილებით ვერ ისარგებლა და ლიდერობის დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა. მეტიც, გია გეგუჩაძის გუნდი 34-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თავის მოედანზე ბევრისთვის მოულოდნელად გიორგი მიქაძის წყალტუბოს „სამგურალთან“ დამარცხდა.
შეხვედრის 29-ე წუთზე ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდოს ზუსტი გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ომარ პატარკაციშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
48-ე წუთზე, „სამგურალმა“ თავისი ნახევრიდან კარგი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც მარცხენა ფლანგიდან ჯეფერსონ ჯერალდოს პასით და მეტოქის კარის წინ მდგომი გიორგი ნიქაბაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
81-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
84-ე წუთზე გიორგი ზარია ცრუ მოძრაობით ლუქმან გილმორს გაცდა და დაახლოებით 22 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ ბურთი ზუსტად მოჭრა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე მასპინძლების ბოლო იერიშის დროს ერთი მეტრის მანძილიდან ბათუმელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ლევან შოვნაძემ მოიგერია. თამაშის შემდეგ ბათუმელთა კაპიტანი მამუკა კობახიძე და გიორგი რეხვიაშვილი მთავარ მსაჯ აფციაურთან თავისი პრეტენზიის გამოსახატად მივიდნენ. მათ მხარი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ აუბა, რომელიც მოედანზე შეიჭრა და მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საბოლოოდ მსაჯთა ბრიგადა მოედნიდან დაცვამ გაიყვანა.
ბათუმის „დინამოს“ 73 ქულა აქვს და მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო „სამგურალი“ 56 ქულით მესამეა.
გორის „დილამ“ ლიგიდან გავარდნილი თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარჯვნიდან კენიელი ამოს ნონდის ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველმა მოიგერია, მაგრამ მას გორელთა კაპიტანი ბრაზილიელი ალეფ სანტოსი დაეუფლა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძალიან ლამაზი დარტყმით გაიტანა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი დილა 55 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო გიორგი მინაშვილის დამოძღვრილ „ლოკომოტივს“ 8 ქულა აქვს.